Tbilisi Medic - ყველა სამედიცინო პროდუქტი ერთ სივრცეში

By
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

კომპანია Tbilisi Medic-ი საქართველოში სამედიცინო პროდუქციის ფართო ასორტიმენტის იმპორტსა და რეალიზაციას უკვე 10 წელზე მეტია ახორციელებს. სწორედ კომპანიისა და მისი გუნდის დამსახურებით, ქვეყანაში როგორც ფიზიკური, ასევე კორპორაციული კლიენტებისთვის არაერთი სახის სამედიცინო პროდუქტი მყისიერადაა ხელმისაწვდომი და თანაც საკმაოდ მოქნილი სერვისით. სხვადასხვა ტიპის აპარატურა, ავეჯი, სახარჯი მასალა, ქირურგიული ინსტრუმენტები, პაციენტის მოვლისა და რეაბილიტაციის საშუალებები და სხვა, კომპანიის ახალი პლატფორმის, shop.tbilisimedic.ge-ის მეშვეობით შეგიძლიათ ონლაინ შეიძინოთ და მას მთელი საქართველოს მაშტაბით ადგილზე მიიღებთ. შემდგომ კი უკვე საჭიროებისამებრ, აპარატურის მონტაჟითა და საინჟინრო-საკონსულტაციო მომსახურებითაც შეგიძლიათ ისარგებლოთ. კომპანიის საინჟინრო გუნდი რეგულარულ საერთაშორისო გადამზადებას გადის და პროფესიულ-ტექნიკურ კომპეტენციებს მუდმივად ავითარებს.

entrepreneur.ge

ერთ ოთახში დაფუძნებული კომპანია დღეს უკვე ხუთსართულიანი საკუთარი შენობით, დამოუკიდებელი საწყობითა და 40 თანამშრომლით დაკომპლექტებული გუნდითაა წარმოდგენილი, რომელთა რაოდენობა მუდმივად მზარდია. ბოლო წელიწადნახევარში, კომპანიას შრომით ბაზარზე არსებული მდგომარეობის მიუხედავად, 20 ახალი თანამშრომელი შეემატა.

თუ რას გვთავაზობს Tbilisi Medic-ი, როგორ უმკლავდება გამოწვევებს და რას აპირებს მომავალში, ამის შესახებ Entrepreneur-ს გენერალური დირექტორი, გიორგი რუსიტაშვილი ესაუბრა:

„ჩვენი სერვისი არა მხოლოდ გაყიდვასა და მიწოდებას, არამედ შემდგომ ექსპლუატაციაში დახმარებასაც გულისხმობს. გვყავს საკმაოდ კვალიფიციური საინჟინრო გუნდი, რომელიც ყოველთვის მზადაა დასახმარებლად. არსებობს არაერთი მაღალტექნოლოგიური აპარატურა, რომელსაც მუდმივი ინსპექტირება სჭირდება. ჩვენ შეგვიძლია კომპანიებს სისტემატიური საინჟინრო მომსახურებაც შევთავაზოთ. აპარატურას გარკვეული პერიოდულობით სიზუსტის დასადგენად შემოწმება სჭირდება, რომ თუ გარკვეული ცდომილებები არსებობს, ტექნიკური ჩარევა და მისი მწყობრში მოყვანა დროულად მოხდეს. ეს არის პერმანენტული საქმიანობა. ასევე, ვთავაზობთ წმინდა ტექნიკურ საქმიანობასაც − თუ საჭიროა აპარატურასაც შევუკეთებთ“.

კომპანია პარტნიორთა წრესა და ექსკლუზიური ბრენდების ასორტიმენტს მუდმივად ამდიდრებს. მიუხედავად რთული და დატვირთული წლისა, Tbilisi Medic საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და ახალი თანამშრომლობების წამოწყებას განაგრძობს. 2020 წლის თანმხლები გამოწვევების გადალახვა, კრიზისმენეჯმენტის სისტემის შექმნა და არაერთი ბიზნესპროცესის გადაწყობა კი განვითარებისთვის ახალ გამოცდილებად იქცა. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ თანამშრომლების შენარჩუნება სრულად შეძლო და გაყიდვების გუნდს ახალი ამოცანები დაუსახა, რაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნაბიჯი აღმოჩნდა.

„2020 წლის დასაწყისიდანვე არაერთი სირთულე გაჩნდა ჩვენს ინდუსტრიაში. პანდემიისა და საერთაშორისო შეზღუდვების გამო, დაირღვა ლოგისტიკური ჯაჭვი, გართულდა პროდუქციის მიწოდება, რადგან მიწოდების ქსელი გადაიტვირთა. თუ ჩვენ გარკვეული პროდუქციის მიღების დედლაინად 4 თვე გვქონდა, ამ ეტაზე გაცილებით ადრე გვიწევს პროდუქციის შეკვეთა, რადგან მიღების დრო გაზრდილია. ამან ცხადია, მნიშვნელოვნად გაზარდა ლოგისტიკური ხარჯები და ბაზარზე გარკვეული დაბნეულობაც გამოიწვია. წლის დასაწყისიდანვე დაიწყო ფასების უეცარი ზრდა, რაც ამ ინდუსტრიისთვის საკმაოდ დიდი გამოწვევა აღმოჩნდა. ამიტომ, მსხვილმა კომპანიებმა გააჩერეს შესყიდვები, რადგან არ იცოდნენ, რამდენად მიიღებდა გაძვირებულ პროდუქტს ბაზარი. წლის დასაწყისში გართულდა პროდუქციის მარაგების სათანადოდ შევსება. პანდემიური მდგომარეობით, არსებულმა შეზღუდვებმა ფაქტობრივად საქმის გარეშე დატოვა გაყიდვების გუნდები, ამიტომ ისეთი ბიზნესგადაწყვეტილება მივიღეთ, რომ თანამშრომლების შენარჩუნება და დეფიციტური პროდუქციის შევსება ერთდროულად გამხდარიყო შესაძლებელი. დავიწყეთ ადგილობრივი შესყიდვები და ეს გაყიდვების გუნდს დაევალა. თუ სადმე, საქართველოში ჩვენთვის საინტერესო პროდუქცია არსებობდა, ნებისმიერი კომპანიისა თუ ფიზიკური პირისგან, ის ჩვენ უნდა შეგვეძინა. ამით ორი რამ მოვიგეთ: თანამშრომლები სტაბილურობის განცდით შევინარჩუნეთ და თანაც დეფიციტური მარაგები შევავსეთ. ამასთანავე, შევქმენით გარკვეული სახელფასო სარეზერვო ფონდი, რადგან გაურკვევლობის შემთხვევაში, ჩვენი თანამშრომლები ანაზღაურებით ყოფილიყვნენ უზრუნველყოფილი“, − ამბობს გიორგი რუსიტაშვილი.

სიახლეებთან სწრაფად ადაპტირებული კომპანია მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას პანდემიის მეორე ტალღის ფარგლებშიც ოპერატიულად განაგრძობს. აღმოჩნდა, რომ თუ ადრე მოთხოვნა უფრო თავდაცვით საშუალებებზე იყო, ახლა ის იმ პროდუქციაზეა გაზრდილი, რომელიც „კოვიდ“-ინფიცირებულებს მკურნალობისა და პოსტსარეაბილიტაციო პერიოდისთვის სჭირდებათ. მთელი საქართველოს მასშტაბით დროული მიწოდებისთვის კი Tbilisi Medic-ის გუნდი ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს. მიმდინარე აქტუალური ამოცანების გადაჭრასთან ერთად, ის სამომავლო მიზნებსა და გეგმებსაც სახავს და ამისათვის ახალი ბიზნესინსტრუმენტების ამუშავებას განაგრძობს.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს წელიწადი საკმაოდ რთული იყო და სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით ამა თუ იმ გაურკვევლობის ელემენტებიც შესაძლოა არსებობდეს, მაინც ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს სხვადასხვა პარტნიორებთან. ბიზნესის დივერსიფიცირება კი მოქნილობას გვანიჭებს და არაერთ სირთულეს გვიმარტივებს. ჩვენი სამომავლო გეგმები კომპანიის უწყვეტ ზრდას უკავშირდება − როგორც პროდუქციის ასორტიმენტის, ისე გუნდის თვალსაზრისით. ჩვენი განაცხადი − ყველა სამედიცინო პროდუქტი ერთ სივრცეში, გულისხმობს, რომ გარდა ასორტიმენტის რაოდენობისა, ნაშთებიც მუდმივად შევსებადი უნდა იყოს. გამართული ბიზნესი მოითხოვს, რომ პროდუქტი ყოველთვის ადგილზე გვქონდეს, მიუხედავად ყველა იმ სირთულისა, რაც შეზღუდვების, ახალი რეგულაციებისა და გადატვირთული ლოგისტიკური ჯაჭვის გამო შესაძლოა მოხდეს. პირველი კომპანია ვიყავით ჩვენს სფეროში, რომელმაც პროდუქცის შესყიდვა მომხმარებლებს ონლაინპლატფორმა shop.tbilismedic.ge-ის მეშვეობით შესთავაზა და სიახლეებს მომავალშიც განვაგრძობთ. საკმაოდ არაპროგნოზირებადია, რა კუთხით გაიზრდება გაყიდვები სამომავლოდ, რადგან ამ მხრივ გარემო სწრაფად ცვალებადია. ამიტომ, ანალიტიკურ სამუშაოებს ყოველდღიურად ვაწარმოებთ. მეტი სიახლის, გაყიდვების მასშტაბურობის ზრდისა და არაერთი პროცესის გაციფრულებისთვის კი მუდმივად ვმუშაობთ, რადგან ეს როგორც ჩვენი თანამშრომლების, ასევე მომხმარებლების უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ფაქტორი, ქვეყნისთვის კი კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხია“, − გიორგი რუსიტაშვილი.