BIOCURE - მსოფლიოში უნიკალური ქართული ტექნოლოგია ნავთობით დაბინძურების წინააღმდეგ

თიბისის ბიზნეს დაჯილდოება 2020-ის გამარჯვებული საუკეთესო ინოვაციის შექმნისთვის
BIOCURE - მსოფლიოში უნიკალური ქართული ტექნოლოგია ნავთობით დაბინძურების წინააღმდეგ
ფოტო: entrepreneur.ge

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
3 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისის ბიზნესდაჯილდოება წელსაც ტრადიციისამებრ, თუმცა უჩვეულო ფორმატში გაიმართა. ქვეყნის უმსხვილესმა საფინანსო და ტექნოლოგიურმა კომპანიამ 2020 წლის გამარჯვებულები შეკრებების აკრძალვის ფონზე ონლაინ გვამცნო. წლევანდელ რჩეულებს კი სწორედ ის ქართული ბიზნესკომპანიები წარმოადგენენ, რომლებმაც განსაკუთრებულად რთული წლის მიუხედავად, თავს მოდუნების უფლება არ მისცეს და საქმიანობის უწყვეტად გასაგრძელებლად, სწრაფი რეაგირებით ალტერნატიული გზები გამონახეს. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც განვითარებაზე ორიენტირებული ყოველდღიური მუშაობით ახალი სიმაღლეების დასაპყრობად ძალისხმევას არ ზოგავენ და ამით სხვებსაც დიდ მოტივაციას სძენენ. 2020 წლის ბიზნესდაჯილდოების ხუთ ნომინაციაში გამარჯვებულებს ENTREPRENEUR-ი გაგაცნობთ.

BIOCURE მსოფლიოში უნიკალური ტექნოლოგიაა, რომელიც საქართველოში განვითარდა და მსოფლიოში ნავთობით დაბინძურების პრობლემის აღმოფხვრას ისახავს მიზნად. უნივერსალურ ტექნოლოგიაზე მუშაობა მარიამ მჭედლიშვილ-თოდუამ დაიწყო, შემდეგ პაატა მჭედლიშვილის მხარდაჭერით გაგრძელდა. 2006 წელს მათ ნინოწმინდის ჭაბურღილის აფეთქებისას, 140 ჰექტარზე დაღვრილი ნავთობით დაბინძურებული ტერიტორიის გაწმენდის შემდეგ, სოლომონ ცაბაძე შეუერთდა. 2018 წელს კი გუნდს თემო რუხაია შეემატა და ტექნოლოგიის გლობალურ ბაზარზე გატანა დაისახა მიზნად.

უნიკალური ტექნოლოგია წლების განმავლობაში საქართველოში, ჯერ საუნივერსიტეტო სივრცეში, ხოლო შემდეგ კერძო კვლევით ლაბორატორიაში ვითარდებოდა. ტექნოლოგიის განვითარების ბოლო ეტაპზე კი, ტექნოლოგიის დადასტურების მიზნით, ლაბორატორიამ საველე ცდები და საპილოტე პროექტები ჩაატარა, რის შემდეგაც გუნდმა ტექნოლოგიის პოტენციალი შეაფასა და მიხვდა, რომ საქართველოს ბაზარი არ იყო საკმარისი სწრაფი განვითარებისთვის. 2019 წელს გუნდი პრე-აქსელერატორის პროგრამაში ჩაერთო და საკუთარი უნიკალური მიდგომის შესაბამისი ბიზნესმოდელი ჩამოაყალიბა, რომელიც სწრაფი ზრდისა და მსოფლიო ბაზარზე ეფექტურად გასვლის შესაძლებლობას მისცემდა. ოფიციალურად, BIOCURE 2019 წლის 1 მაისს დაფუძნდა და 4 თვეში უმაღლესი შეფასებით GITA-ს გრანტი მოიპოვა. 2020 წელი კი ამერიკის ბაზრის შესწავლითა და ინვესტორებთან შეხვედრებით დაიწყო. ამ ეტაპზე კომპანიას უკვე რამდენიმე სადემონსტრაციო პროექტი აქვს დაგეგმილი საქართველოსა და ევროპაში. ასევე, მიმდინარეობს მნიშვნელოვანი მოლაპარაკება ერთ-ერთ ამერიკულ კომპანიასთან.

„BIOCURE-ის უნიკალურობა მდგომარეობს მიდგომაში, რომლის მიხედვითაც დაბინძურების ადგილზე ჩვენ გამოვყოფთ/ვპოულობთ ადგილობრივ ნავთობის დესტრუქტორ ბაქტერიებს, ვამრავლებთ მათ ბიორეაქტორში და ვაბრუნებთ დაბინძურების ადგილზე თხევადი ბიოპრეპარატის სახით. ყოველი დაბინძურებისთვის, ჩვენ ვქმნით უნიკალურ პროდუქტს, მაგრამ ჩვენი დაპატენტებული ტექნოლოგიის საშუალებით, ამას ძალიან სწრაფად და თანაბრად ეფექტურად ვაკეთებთ. BIOCURE-ის უნივერსალურობასაც სწორედ ის მიდგომა განსაზღვრავს, რომ ჩვენ ყოველთვის ვიყენებთ ადგილობრივ ბაქტერიულ კულტურებს. ისინი გარემოპირობებთან უკვე ადაპტირებულნი არიან და გამოირჩევიან უმაღლესი ეფექტურობით. ასევე, ჩვენი მიდგომა არის ყველაზე უვნებელი გარემოსთვის და მისი გამოყენება რეკომენდებულია დაცულ ტერიტორიებსა და ნაკრძალებში. ადგილობრივი ბაქტერიული კულტურების გამოყენება გვაძლევს საშუალებას, ერთი და იგივე მეთოდით გავწმინდოთ ნიადაგი, მტკნარი ან ზღვის წყალი, და მაღალი ეფექტურობით გავწმინდოთ თითქმის ყველა სახის ნავთობპროდუქტი. BIOCURE-ის დახმარებით, ნავთობდაბინძურების გამწმენდ კომპანიებს საშუალებას ვაძლევთ, ისარგებლონ მხოლოდ ერთი უნივერსალური მეთოდით და თავიდან აირიდონ სპეციალური აღჭურვილობისა და მაღალი დონის სპეციალისტების საჭიროება“, − გვიხსნის თემო რუხაია.

BIOCURE-ის ტექნოლოგიის ეფექტიანობა და პროდუქტის მხარე სრულად დადასტურებულია. ამ ეტაპზე კომპანია უკვე ცდილობს, დაადასტუროს ბიზნესმოდელის ეფექტურობაც გამწმენდ კომპანიებთან საპილოტე პროექტების განხორციელების მეშვეობით, ან აღმოაჩინოს პრობლემა მასში ცვლილებების სწრაფად შეტანის მიზნით.

მთავარ გამოწვევად კი ინდუსტრიის მოუქნელობას ასახელებენ.

„როგორც ნავთობდაბინძურებისადმი მიძღვნილ ერთ-ერთ კონფერენციაზე მსოფლიოს ათეულში შემავალმა კომპანიის წარმომადგენლებმა გვითხრეს, „ძალიან კარგად ჟღერს, სიმართლე რომ იყოს“. ეს მრავალი ათეული წლის განმავლობაში დალაგებულ-დავარცხნილი ინდუსტრიაა, რომელსაც არ უყვარს ახალი მოთამაშეები და არ სურს თავის შეწუხება“, − ამბობს თემო რუხაია.

მსოფლიოში პანდემიით გამოწვეული არაპროგნოზირებადი და რთული მდგომარეობის მიუხედავად, BIOCURE გაჩერებას არ აპირებს და ამ ყველაფერთან ადაპტირებას ჯიუტად ცდილობს. მის ამჟამინდელ გეგმას ავტორიტეტულ კომპანიებთან რამდენიმე საცდელი პროექტის განხორციელება წარმოადგენს, ინვესტორების ტექნოლოგიისა და ბიზნესმოდელის ეფექტურობაში დასარწმუნებლად, საქართველოში კი შემდეგი რაუნდის ინვესტიციების შემოდინება დაიწყოს, რათა BIOCURE-მა მალე საქართველოში პირველი „უნიქორნის“ (მილიარდიანი კომპანიის) დაბადება გვამცნოს.

Latest on Entrepreneur