📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ჯეფ ბეზოსის Blue Origin, პირველი ტურისტული კოსმოსური ფრენის ბილეთს, აუქციონის წესით გაათამაშებს

By არჩილ გელაშვილი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

CGTN

Blue Origin-მა, New Shepard-ზე თითქმის 6-წლიანი მუშაობის შემდეგ, პირველი ტურისტული კოსმოსური ფრენის ზუსტი თარიღი − 20 ივნისი დაასახელა. ისინი აცხადებენ, რომ ერთ-ერთი პირველი მგზავრის ვინაობა ონლაინაუქციონის მეშვეობით გამოვლინდება.

5 მაისს, კომპანიის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული „ტვიტის" თანახმად, აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის შევსება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. აუქციონის პირველი რაუნდი 19 მაისამდე, დახურულ ფორმატში ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ სხვა მონაწილეების მიერ დასახელებული თანხის ოდენობა, ყველასათვის უცნობი იქნება. ღია ვაჭრობის რაუნდი 19 მაისს, ხოლო ფინალური, ცოცხალი ფორმატის აუქციონი − 12 ივნისსაა დაგეგმილი. აუქციონიდან შემოსული თანხა ფონდ „მომავლის კლუბს" გადაეცემა, რომელიც ბავშვებში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

ჯერჯერობით, აუდიტორიისათვის არაა ცნობილი, რა ფასად ვარაუდობენ კომპანიაში აუქციონზე პირველი ბილეთის გაყიდვას. Blue Origin ასევე არ ასაჯაროებს, ვინ იქნება წარმოდგენილი ხომალდის ბორტზე აუქციონის გამარჯვებულის გარდა, და რა თანხად დაუჯდათ მათ ეს. აუქციონზე გამოტანილი ბილეთი ერთადერთია, რომელიც ფართო საზოგადოებისთვისაა ხელმისაწვდომი, ხოლო სხვა ადგილები თავად კომპანიის მიერ შერჩეულ პირებს შეხვდებათ.

როგორც კომპანიის ვებგვერდი იუწყება, New Shepard-ზე მოხვედრის მსურველებისათვის რამდენიმე შეზღუდვაა დაწესებული: ასაკი − 18 წელი და მეტი; მსურველი უნდა იყოს კარგ ფიზიკურ ფორმაში; სიმაღლე − 153-193 სმ; წონა − 50-101 კგ. მგზავრს უნდა შეეძლოს: უსაფრთხოების ღვედის შეკვრა და გახსნა 15 წამში, საათნახევრის გატარება დახურულ სივრცეში და 5,5G-დატვირთვის გაძლება დაშვების დროს.

Blue Origin 21 წლის წინ მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, „ამაზონის" დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა დააარსა. New Shepard სრულად ავტომატიზებული კოსმოსური ხომალდია, რომელსაც 6 მგზავრის ტრანსპორტირება შეუძლია. მან Blue Origin-ის ტექსასის ბაზაზე, უკვე 10-მდე წარმატებული სატესტო ფრენა განახორციელა.

New Shepard ორი მრავალჯერადი ნაწილისგან − სფეროსებრი კაფსულისგან და სარაკეტო ამაჩქარებლისგან შედგება, რომლის სიმაღლე 18 მეტრია. ეს რაკეტა ღია კოსმოსში გასვლის დროს კაფსულას ბგერის სიჩქარეზე 3-ჯერ მეტ აჩქარებას აძლევს. შემდეგ, დედამიწის ზედაპირიდან 96 კილომეტრ სიმაღლეზე, კაფსულა წყდება სარაკეტო ამაჩქარებელს და უწონობის მდგომარეობაში, დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ჩერდება. საერთო ჯამში, მგზავრები კოსმოსში 10 წუთს გაატარებენ და დედამიწის ზედაპირს 96 კილომეტრით მოწყდებიან.

უკვე რამდენიმე წელია, Blue Origin-ის ბილეთებსა და მათ ფასზე დისკუსია ინტერნეტსივრცეში აქტიურად მიმდინარეობს. ამასობაში, კომპანიის პირდაპირი კონკურენტი − რიჩარდ ბრენსონის Virgin Galactic, რომელიც 2004 წელს დაფუძნდა, დიდი ხანია ბილეთების წინასწარ გაყიდვითაა დაკავებული. ბრენსონის კომპანიას 600-მდე მსურველი ჰყავს, რომლებიც მზად არიან კოსმოსში ტურისტული მიზნით გასამგზავრებლად, 200 000-დან 250 000-მდე დოლარი გადაიხადონ. Virgin Galactic-ს სატესტო ფრენა ორჯერ აქვს ჩატარებული, თუმცა ხარვეზების გათვალისწინებით, კომპანია, უშუალოდ მსურველთა მომსახურებამდე, კიდევ რამდენიმე ტესტის ჩატარებას მიზანშეწონილად მიიჩნევს.

Blue Origin-მა თავის ხომალდს სახელი 60 წლის წინ, კოსმოსში გაშვებულ პირველ ამერიკელ ასტრონავტ ალან შეპარდის პატივსაცემად უწოდა. „მას შემდეგ გასული ათწლეულების განმავლობაში, მხოლოდ 600-მდე ასტრონავტმა მოახერხა „კარმანის ხაზის" გადაკვეთა და დედამიწის მთლიანად დანახვა. ყველა, ვინც ეს გრძნობა განიცადა, აცხადებს, რომ ამ გამოცდილებამ მათი ცხოვრება შეცვალა", − მიმართავს Blue Origin თავის ელ.წერილში აუქციონში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულ ადამიანებს („კარმანის ხაზი" − ესაა სიმაღლე, რომელიც დედამიწასა და კოსმოსს შორის საზღვრადაა მიჩნეული. იგი დედამიწის ზედაპირიდან დაახლოებით 100 კილომეტრს შეადგენს.) ამ მეილში ასევე ნათქვამია, რომ New Shepard-ის ზედმიწევნით შემოწმებისა და წარმატებული ტესტირებების შედეგ, ხომალდი მზადაა ბორტზე ნებისმიერი მსურველის მისაღებად.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

შერილ სენდბერგის 10 გამონათქვამი, რომელიც შეგაგულიანებთ კიდეც და შთაგონებასაც მოგცემთ

Facebook-ის აღმასრულებლის, მწერლისა და აქტივისტისგან საკმაოდ ბევრის სწავლა შეიძლება

ლიდერობა

ჯეფ ბეზოსი რჩევებს უზიარებს მათ, ვინც ბიზნესს იწყებს

Amazon-ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს დამწყებ ანტრეპრენერთათვის ოთხი მნიშვნელოვანი რჩევა აქვს

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ