ილონ მასკი მსოფლიოში პირველი ადამიანია, რომლის ქონებამაც 300-მილიარდიან ნიშნულს გადააჭარბა

ილონ მასკი უორენ ბაფეტზე 3-ჯერ მდიდარია, ხოლო მისი მთლიანი ქონება, მშობლიური სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მშპ-ს აღემატება

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

დღეის მდგომარეობით, ილონ მასკი საინვესტიციო ჯადოქარ უორენ ბაფეტზე 3-ჯერ მდიდარია. სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ, Tesla-ს გენერალური დირექტორი პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებაც 300-მილიარდიან ზღვარს გასცდა.

entrepreneur.ge

Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის თანახმად, მას შემდეგ, რაც პირველ ნოემბერს მისი ქონება $24 მილიარდით გაიზარდა, ტექნოლოგიური მაგნატის პირადმა კაპიტალმა $335 მილიარდი შეადგინა. შედარებისთვის, Berkshire Hathaway-ის გენერალურ დირექტორ უორენ ბაფეტის ქონება, 104 მილიარდ დოლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ 50 წლის მასკი უკვე გაცილებით მდიდარია, ვიდრე მისი მშობლიური სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, რომლის მშპ-მა მსოფლიო ბანკის გასული წლის მონაცემებით, 301,9 მილიარდი დოლარი შეადგინა.

მისი ქონების მკვეთრი ზრდა Tesla-ს აქციების 8,5%-იანმა მატებამ განაპირობა. 2021 წლის განმავლობაში, მასკის პირადი კაპიტალი 165 მილიარდით გაიზარდა. ცნობისათვის, წლის დასაწყისში მულტიმილიარდერი კომპანიის 22,4%-იან წილს ფლობდა.

გასულ კვირას Tesla-ს აქციები ნახტომისებრად, 13%-ით გაიზარდა, რამაც ილონ მასკს დამატებით 36 მილიარდის შემოსავალი მოუტანა. ასეთი მასშტაბის ზრდა უპრეცედენტოა და უმსხვილესი მაჩვენებელია, რაც Bloomberg-ს ოდესმე დაუფიქსირებია. ყველაფრის მიზეზი კი ის გახდა, რომ კომპანია Hertz-მა Tesla-ს 100 000 ელექტრომობილი დაუკვეთა, რამაც ავტომწარმოებლის კაპიტალიზაცია არნახულად გაზარდა.

დღესდღეობით, მასკი მილიარდერთა სიის ლიდერულ პოზიციას იკავებს და მეორეადგილოსან ჯეფ ბეზოსს, რომლის ქონება 193 მილიარდია, თითქმის 142 მილიარდით უსწრებს.

Tesla-ს აქციები, მიმდინარე წლის დასაწყისიდან 65,6%-ით გაიზარდა, მარტსა და მაისში დაფიქსირებული რყევების მიუხედავად.

ასევე შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს მილიარდერი Twitter-ზე ერთ-ერთ პოსტს გამოეხმაურა, სადაც განაცხადა, რომ მზადაა Tesla-ს აქციები გაყიდოს და 6 მილიარდი დოლარი მსოფლიოში შიმშილის დასამარცხებლად დახარჯოს, იმ შემთხვევაში, თუ WFP (მსოფლიო სასურსათო პროგრამა) შეძლებს დაამტკიცოს, რამდენად რეალისტური და აღსრულებადი იქნება ეს პროექტი.