სიმონ გელაშვილი - 24 წლის ბიჭი, მილიონიანი ბრუნვის მქონე ბიზნესის სათავეში

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

„სიმონ გელაშვილი 24 წლის უდიპლომო ბიჭია. პირველ კურსზე, „ტერაბანკში“ მოლარე-ოპერატორად დაიწყო მუშაობა და მისი ხელფასი 450 ლარი იყო. შემდეგ შტატში აიყვანეს და ხელფასიც 500 ლარამდე მოუმატეს. ისიც ჩვეულებრივ, რიგით ადამიანად გაიზარდა. მშობლების დამსახურებით არასდროს ფიქრობდა, რომ რაიმე აკლდა, მაგრამ მისი ცხოვრება ისე განვითარდა, რომ სამსახურისა და უნივერსიტეტის დატოვება მოუხდა. სიმონს დღეს თავისი კომპანია და e-commerce პლატფორმა (www.isroa.ge) აქვს, რომლის ღირებულება რამდენიმე მილიონია. ძალიან ნიშური პროდუქტებით მდიდარი და ოპერაციულად კარგად გამართული ბიზნესია. ყველაფერი თავისი ხელით გააკეთა, YouTube-ზე პროგრამირება ისწავლა და საკუთარი საიტის დიდი ნაწილიც თვითონვე შექმნა“, − პავლე მგელაძე, ანტრეპრენერი

entrepreneur.ge

რა გზა გაიარა სიმონ გელაშვილმა წარმატების მისაღწევად?

ის, რომ გამოწვევები შესაძლებლობად უნდა გარდაქმნა, ანტრეპრენერთა საზოგადოებისათვის ახალი არ არის. სიმონმა კი ეს პირველ კლასში გააცნობიერა, როდესაც უცხო ენების ყოველ გაკვეთილს ტირილით ხვდებოდა და ყველაფერს აკეთებდა თავის დასაღწევად, მაგრამ ბოლოს პრობლემისთვის თვალის გასწორებამ იგი ბრძოლისუნარიანი გახადა, გამოწვევების შიში გაუქრო. სწორედ ამგვარი აზროვნებით მოვიდა სიმონი 24 წლამდე და ამ დროის განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცა საკუთარ თავთან, რომ ეს ერთადერთი სწორი გზაა.

როგორც ყველა აბიტურიენტს, სიმონსაც ეგონა, რომ რეალური ცხოვრება უნივერსიტეტში გამოცდების ჩაბარებით დაიწყებოდა, მაგრამ აქაც იმედგაცრუება ეწვია. იგი საკუთარ თავს მისი ასაკის ათასობით ახალგაზრდის გვერდით ხედავდა, რომლებიც უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ერთმანეთის იდენტური ცოდნით კონკურენტულ დასაქმების ბაზარზე თავის დასამკვიდრებლად იბრძოლებდნენ. უნივერსიტეტმა სიმონს განათლების მიღება ვერ შეაყვარა, მაგრამ მის ცხოვრებაში არსებობდა ადამიანი − დავით ალფაიძე, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა მასზე. მას ბავშვობიდან უყვარდა ონლაინთამაშები და სწორედ იქ გაიცნო დავითიც. არ არსებობდა სიმონისთვის საინტერესო თემა, რომელზეც დავითს პასუხები არ ჰქონდა. „დათო ჩემზე ორი წლით პატარაა და მით უმეტეს მაშინ, როდესაც 17 წლის ხარ და ხედავ, რომ 15 წლის ბიჭმა შენზე ბევრად მეტი იცის, მოგწონს ეს, ხალისდები, მაგრამ ამავდროულად გული გწყდება, რომ შენ არ იცი ამდენი და სხვას ისე ვერ დაელაპარაკები, როგორც მას შეუძლია. ამან ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა ჩემს ცხოვრებაზე. ერთგვარი რენესანსი მოხდა. ამოყირავდა ჩემი სამყარო. დავიწყე ფილოსოფიური ნაშრომების კითხვაკამიუ, კაფკა, სარტრი... იურიდიულიდან პოლიტიკის მეცნიერებასა და ფილოსოფიაზე გადავედი, რაც ჩემს ცხოვრებაში პირველი სწორი ნაბიჯი იყო. მაშინ კი მივხვდისჯობს იყო ის, ვინც გინდა, ვიდრე ის, ვინც უნდათ, რომ გახდე“.

დიპლომზე სიმონს ოჯახური ტრაგედიის გამო მოუწია უარის თქმა, ვინაიდან მამის გარდაცვალების შემდეგ, ოჯახის რჩენა საკუთარ თავზე აიღო. სისულელეა. დროა ეს სტერეოტიპები ქართველებისთვისაც დაინგრეს. განათლება განათლებაა, დიპლომი კი დიპლომია. არასდროს თქვათ განათლებაზე უარი, მაგრამ დიპლომზეშეიძლება“. მისი თქმით, ფორმალური განათლება მნიშვნელოვანია, მაგრამ საკუთარ თავზე გამოცდილ შეცდომებზე სწავლას და საქმის ხედვას ვერცერთი ლექტორი ვერ ჩაანაცვლებს. ჩემი საუკეთესო მასწავლებელი, ჩემ მიერ დაშვებული შეცდომებია“, ამბობს სიმონი.

მუშაობა „ტერაბანკში“, მოლარე ოპერატორად დაიწყო. სიმონმა კარგად იცოდა უცხო ენა და ამან მას კარგი იმიჯიც შეუქმნა თანამშრომლებში. მალევე, მას კრედიტ-ოფიცრობასა და კარგ ხელფასს დაჰპირდნენ, თუმცა სიმონი ვერ შეეგუა 8-საათიან საოფისე რუტინას და საკუთარი თავის ძიება სხვა სფეროებში განაგრძო. „საბოლოოდ, გაყიდვებში დავსაქმდი, ერთ-ერთ კომპანიაში, სადაც საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე და ვიგრძენი, რომ ადამიანებთან ურთიერთობა მსიამოვნებდა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მათ სურვილებს ვაკმაყოფილებდი და სასურველ ნივთს ვურჩევდი. ისინი კი ამით კმაყოფილები რჩებოდნენ. მუშაობის პარალელურად, ვყიდდი სხვადასხვა ნივთს ინტერნეტის, ძირითადად Facebook-ის საშუალებით. მახსოვს, ვმუშაობდი, მოვდიოდი შინ, ვამზადებდი შეკვეთებს, მიმქონდა და შემდეგ სავარჯიშოდ მივდიოდი. ჩემი დღე ღამის 1-2 საათზე სრულდებოდა“. სიმონი მიხვდა, რომ რეალური წარმატებისთვის ეს საკმარისი მაინც არ იქნებოდა და ბევრი ფიქრის შემდეგ, მას ელექტრობურღების (ე.წ. „დრელების“) ჩამოტანისა და გაყიდვის იდეა გაუჩნდა. საქმე კარგად აეწყო და დღესაც კი, საკუთარი საწყობი სხვადასხვა ელექტროხელსაწყოთი აქვს სავსე.

ISROA-ს იდეა პანდემიის დროს გაჩნდა, როდესაც ყველაფერი ჩაკეტილი იყო. ბოლო რამდენიმე წელია, სიმონი საბითუმო ვაჭრობითაა დაკავებული. პანდემიის გამო მომხმარებელთა რაოდენობამ იკლო და ბიზნესის გადასარჩენად მან პროდუქციის ონლაინ არხებით გაყიდვა დაიწყო. საცალო e-commerce სიმონისთვის ახალი გამოწვევაა. საიტი ერთი თვეც არაა, რაც მუშაობს, თუმცა სიმონი უკვე დაუღალავად შრომობს საიმისოდ, რომ სხვადასხვა გამყიდველი მოიზიდოს და მათი ინვენტარი საკუთარ პლატფორმაზე განათავსოს. „ამ ყველაფერში ჩემი მეუღლე − დეა მეხმარება. მისი შრომა ფასდაუდებელია აღნიშნულ პროექტში. ზოგადად, ალბათ ყველას გვაქვს მომენტი, როდესაც ხელის ჩაქნევა გვინდა, მაგრამ საკმარისია ამაზე დეასთან ვილაპარაკო, და ზუსტად 10 წუთში მეცვლება აზრი უკეთესობისაკენ. ის ჩემი ენერგიის წყარო და არაჩვეულებრივი ბიზნესპარტნიორია. საერთოდ არაფერი ეზარება, თუ მე ამით ბედნიერი ვიქნები და ეს ჩვენს საქმეს წაადგება. რომ არა ის, ალბათ მე არც B2B-ის ხალისი მექნებოდა და არც შემდგომში Isroa-ს შექმნის. B2B ძალიან კარგია და აქვს თავისი პლუსები, მაგრამ ახლა, როგორც ვუყურებ ქვეყანაში განვითარებულ სიტუაციას, ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას, ვფიქრობ მალე სრულად საცალო გაყიდვებზე გადავერთვები“. Isroa იქნება საიტი, საიდანაც შეიძენთ ნივთს, გნებავთ განვადებით, დებიტ ან კრედიტ-ბარათით, და მას თბილისის მასშტაბით შეკვეთის დღესვე მიიღებთ. სამომავლოდ, შეკვეთის იმავე დღეს მიღება, მთელი საქართველოს მასშტაბით აქვთ დაგეგმილი. ხოლო ამის ისე შესრულება, რომ კომპანიას საკმარისი მოგება დარჩეს, მათი პატარა საიდუმლოა. ამავე სლოგანით აპირებენ ბაზარზე პოზიციონირებასაც. საბოლოო ჯამში, Isroa მზადების პროცესშია და სიმონის გამოთვლებით, მისი და დეას დიდი შრომის ხარჯზე, საიტი ძალიან მალე მთლიანად გაეშვება. 

24 წლის სიმონი ყველაფერს საკუთარი ხელით ქმნის. უკან დაბრუნებულ პროდუქტსაც კი თავად აკეთებს და პარალელურად, კომპანიას მართავს. სწორედ მულტიპროფილური მიდგომით, მისმა კომპანიამ გასული საანგარიშო წელი მილიონლარიანი ბრუნვით დახურა. „ეს იყო დიდი მიღწევა ჩემთვის. აღნიშნულ ბიზნესში სეზონური ინვენტარის სწორ დროს ჩამოტანამ, მიუხედავად წინაღობებისა, ალბათ ყველაზე დიდი როლი ითამაშა კომპანიის წარმატებაში. გავყევი დინებას და იმისათვის, რომ სწორად მეცურა, ერთი-ორჯერ ხელი მოვიქნიე. აკეთეთ ყველაფერი თვითონ. მაგალითისთვის, კომპანიაში მე ვარ: საწყობის მენეჯერი, დისტრიბუტორი, სეილსმენი, კომერციული მენეჯერი, სოც.მედიამენეჯერი და გაფუჭებულ, გარანტიით უკან მიღებულ ნივთებსაც თავად ვაკეთებ. ყოველივე ამით შეიძენთ გამოცდილებას და მზად იქნებით შემდეგ დიდი ამბებისთვის. კარგად გეცოდინებათ ის საქმე, რაშიც შემდგომში სხვა ფულს მოგთხოვთ და მიხვდებით, ღირს თუ არა ის საქმე აღნიშნული კაპიტალი“.  

სიმონი თავის ოჯახთან ერთად საქართველოში აპირებს ცხოვრების გაგრძელებას და მამის ხსოვნის პატივსაცემად, სურს საკუთარი ქვეყნისთვის რაც შეიძლება მეტი გააკეთოს. იგი გეგმავს მთლიანად გადაერთოს e-commerce-ზე და ეცდება გაითვალისწინოს ის პრობლემები და შეცდომები, რომლებიც ამ სფეროში სხვა ბიზნესებმა დაუშვეს. მომხმარებლის კმაყოფილება კი, სიმონისთვის უპირველეს პრიორიტეტად დარჩება.