5 რისკი, რომელიც არასაიმედო მომწოდებლებთან ურთიერთობას ახლავს

საიმედო და ჰარმონიული თანამშრომლობა ორივე მხარისათვის ხელსაყრელია და ორივე ბიზნესს სტაბილური მუშაობისა და ზრდის საშუალებას აძლევს

Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

კომპანიები მთელი რიგი პრობლემების წინაშე დგებიან, როდესაც საქმე მომწოდებლებთან ურთიერთობის დამყარებას ეხება. ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა სანდო პარტნიორის მოძებნაა. თუ კომპანია თავის ვალდებულებებს ვერ ასრულებს, ეს პირდაპირ აისახება მის ისეთ ასპექტებზე, როგორიცაა პროდუქტიულობა და გაყიდვები, რამაც შესაძლოა პირდაპირი გავლენა მოახდინოს კომპანიის კავშირებზე მომხმარებლებთან.

entrepreneur.ge

მომწოდებლები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ კომპანიის განვითარებასა და ზრდაში. საიმედო და ჰარმონიული ალიანსი ორივე მხარისათვის ხელსაყრელია და ორივე ბიზნესს აძლევს სტაბილური მუშაობის საშუალებას. არასაიმედო მომწოდებელთან მუშაობისას კი პირიქით ხდება – მდგრადობის განცდა ქრება, რადგან პროდუქტის მიწოდების დრო, ფასები და უშუალოდ პროდუქციის ხარისხი ხშირად იცვლება.

„მომწოდებელი თქვენი მოკავშირე უნდა იყოს, ზრდაში უნდა დაგეხმაროთ. ის უნდა იყოს პიროვნება, რომელსაც ენდობით და პატივს სცემთ. კომპანიები თავიდანვე უნდა იცნობდნენ საკუთარ მოკავშირეებს, ეს აუცილებელია. ისიც უნდა იცოდნენ, თუ ვისთან ერთად აწარმოებენ ბიზნესს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება რეპუტაციის დაკარგვასთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორებისა და სხვა ზარალის თავიდან აცილება, რაც საბოლოოდ კლიენტების დაკარგვას იწვევს. მომწოდებელთან ურთიერთობა მომგებიანი უნდა იყოს“, – ამბობს კრისტიან ფრაგა, სერტიფიცირების პლატფორმა Círculo de Suppliers of Círculo de Suppliers-ის მფლობელი, რომელიც მყიდველებსა და მომწოდებლებს შორის ურთიერთობების დამყარებასა და მათ განმტკიცებაზე ზრუნავს.

ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ კომპანიები თავიანთ მომწოდებლებს იცნობდნენ, მათთან ნაყოფიერი ბიზნესურთიერთობები დაამყარონ, მომხმარებელთა მოთხოვნები დააკმაყოფილონ და რისკიც შეამცირონ.

ქვემოთ განხილულია ხუთი რისკი, რომელსაც Circle of Suppliers-ის მიხედვით, კომპანიები არასაიმედო მომწოდებლებთან ბიზნესის წარმოებისას აწყდებიან:

რეპუტაციის დაკარგვის რისკი. კომპანიებმა უნდა იცოდნენ, ვინ არიან მათი მომწოდებლები, რათა ისინი უკანონო საქმიანობაში არ ჩაითრიონ – ფულის გათეთრება იქნება ეს, იურიდიულ პრობლემებში თუ ისეთ ვითარებაში გახვევა, რომელმაც შესაძლოა ბიზნესის რეპუტაციაზე ირიბად მოახდინოს  გავლენა. საეჭვო საქმიანობის ან ცუდი რეპუტაციის მქონე კომპანიებთან ურთიერთობამ შესაძლოა პირდაპირი გავლენა იქონიოს მოკავშირე კომპანიაზე, ეს კი თავისთავად, სირთულეებს ნიშნავს ახალი მომწოდებლების, კლიენტების ან თუნდაც ინვესტორების მოძიებისას.

თაღლითობა. მომწოდებლებთან საქმიან ურთიერთობას ეს ფარული საფრთხე ახლავს. კომპანიები შესაძლოა სინამდვილეში თაღლითურ კომპანიებთან ერთად აწარმოებენ ბიზნესს, რომლებიც თავს სხვად წარმოაჩენენ, ან ისეთ სქემებს იყენებენ, როგორიცაა ფიქციური მომწოდებლები ან ინვოისები. ამ ტიპის კომპანიებთან ოპერაციების განხორციელებას ფარული რისკები ახლავს, რამაც შესაძლოა ფინანსური ზარალი და სამართლებრივი პრობლემები გამოიწვიოს.

იურიდიული პრობლემები. სასამართლო პროცესში ან უკანონო საქმიანობაში ჩართულ კომპანიასთან ურთიერთობამ შესაძლოა პირდაპირი ზეგავლენა მოახდინოს თქვენს ბიზნესზე. კომპანიებმა უნდა იცოდნენ, ვისთან ქმნიან ალიანსებს და ნათელი წარმოდგენა ჰქონდეთ, თუ ვინ არის და სად არის მომწოდებელი. ეს უზომოდ მნიშვნელოვანია და მხოლოდ ამ გზით შეიძლება კონტრაქტების დარღვევის, ან თუნდაც, გარკვეული სანქციების თავიდან აცილება.

უხარისხო პროდუქცია. იდეალური მომწოდებელი ის არის, ვინც საიმედო და სანდოა, თავის ვალდებულებებსაც კარგად ასრულებს, კონკურენტული ფასებიც აქვს და კარგი ხარისხის პროდუქტებიც. არასაიმედო მომწოდებლებთან ურთიერთობისას უხარისხო საქონლის შეძენის რისკი არსებობს, რომელიც კომპანიის ან მისი მომხმარებლების მოთხოვნებს საერთოდ არ შეესაბამება.

უკმაყოფილო მომხმარებელი. პროვაიდერი, რომელიც თავის ვალდებულებებს არ ასრულებს, მთელ რიგ პრობლემებს უქმნის კომპანიებს. თუ ისინი არ შეასრულებენ თავიანთ მოვალეობებს, ამან შესაძლოა კომპანიის საბოლოო მომხმარებლებთან ურთიერთობაზეც მოახდინოს გავლენა, მათ სანდოობაზეც, და შესაძლოა ის უპირატესობებიც კი დააყენოს ეჭვქვეშ, რაც მათ სხვებისგან გამოარჩევთ.

არასერტიფიცირებულ მომწოდებელთან ბიზნესის წარმოება სხვადასხვა რისკთანაა დაკავშირებული. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გაფორმება ისეთ კომპანიებთან, რომლებსაც გარანტიები და ყველა შესაძლებლობა აქვთ თავიანთი კომერციული ვალდებულებების შესასრულებლად.

„მომწოდებელთან პარტნიორული ურთიერთობის გაფორმებამდე უნდა დაადგინოთ, როგორი სტატუსი აქვს კომპანიას, როგორია მისი საკრედიტო, იურიდიული და ფინანსური მდგომარეობა. ასევე, მისი ოპერაციული შესაძლებლობები. საიმედო მომწოდებელთან სტაბილურმა ურთიერთობამ შესაძლოა დიდი სარგებელი მოუტანოს კომპანიებს − მდგრადობა იქნება ეს, გაზრდილი გაყიდვები თუ ზრდის აშკარა შესაძლებლობები. დღეს ბაზარი მეტისმეტად კონკურენტულია და ამიტომ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, კომპანიების გაერთიანება და მათ შორის ისეთი ურთიერთობების დამყარება, რომელიც ორივე მხარის განვითარებას შეუწყობს ხელს“, – ამბობს კრისტიან ფრაგა.