CityPay.io - რეგიონში პირველი და უნიკალური კრიპტოგადახდების ქართული სისტემა

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბოლო რამდენიმე წელია, რაც საქართველოში კრიპტოვალუტების, ბლოკჩეინების, ციფრული ფულის უალტერნატივო საგადახდო საშუალებად გარდაქმნის და მსგავსი, ერთი შეხედვით ფუტურისტული საკითხების შესახებ აქტიური დისკუსიები გაჩაღდა. ფინანსური ექსპერტებისა და ეკონომისტების ნაწილი ამ სიახლეების მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი, ზოგი სპეკულაციად მიიჩნევს, ზოგისთვის კი, სწორედ კრიპტოვალუტაა ჭარბი ცენტრალიზაციისა და უამრავი შუამავალი რგოლის მოსპობის ერთადერთი გზა.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი

ცოტა ხნის წინ ალბათ იმასაც ვერავინ იფიქრებდა, რომ რომელიღაც კომპანია ინვესტიციას კრიპტოვალუტაში მოიზიდავდა, თუმცა სულ ახლახან, საქართველოში ამის პირველი პრეცედენტიც დაფიქსირდა. სტარტაპი CityPay.io ნებისმიერი ტიპის ბიზნესისთვის კრიპტოგადახდების მისაღებად რეგიონში პირველ და უნიკალურ პლატფორმას ქმნის. მიმდინარე წლის მიწურულს გამოცხადებულ საინვესტიციო რაუნდზე კი, მათ Angel-ინვესტიციის სახით, $500 000-ის ღირებულების კრიპტოვალუტის მოზიდვა შეძლეს. Entrepreneur-ს სურს გაგაცნოთ ეს არაჩვეულებრივი, პროგრესულად მოაზროვნე გუნდის მიერ შექმნილი სტარტაპი, რომელიც საკმაოდ ამბიციურ სამომავლო მიზნებს ისახავს და კრიპტოვალუტით ტრანზაქციებს არაერთი კომპანიისათვის ყოველდღიურობის შემადგენელ ნაწილად აქცევს.

CityPay.io-ის დამფუძნებლები − ბექა ქემერტელიძე და ერალფ ჰატიპოღლუ, 2017 წლიდან კრიპტო და ბლოკჩეინის მიმართულებით არაერთი წარმატებული პროექტის ავტორები არიან. კრიპტოგადახდების გამტარი სტარტაპის შექმნის იდეა ორი წლის წინ გაჩნდა, როდესაც საქართველოს ბაზარზე კრიპტოვალუტების მფლობელებს მოთხოვნა გაუჩნდათ, შუამავალი პლატფორმებისგან თავისუფალ სივრცეში განეხორციელებინათ ტრანზაქციები. როგორც დამფუძნებლებმა გვიამბეს, კრიპტოს დიდი პოტენციალი დასაწყისშივე დაინახეს და ამ დაკვირვებაზე დაყრდნობით გააანალიზეს, რომ ციფრული ვალუტის მფლობელთა რაოდენობის ზრდასთან ერთად, ბიზნესებში კრიპტოვალუტის სანაცვლოდ პროდუქტის გაყიდვის საჭიროება გაჩნდებოდა. „ჩვენი გუნდი ორი წლის წინ ჩამოყალიბდა. ამჟამად იგი ხუთი მთავარი მიმართულებისგან შედგება და 15 ადამიანს აერთიანებს. თავდაპირველად, დავიწყეთ მუშაობა კრიპტოგადახდების სისტემაზე, რომელიც მორგებული იქნებოდა ნებისმიერი ტიპის ბიზნესზე. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, მზად გვქონდა პლატფორმა − როგორც ონლაინგადახდებისთვის, ისე ფიზიკურ სავაჭრო ობიექტზე კრიპტოგადახდების მისაღებად“, − აცხადებს ბექა ქემერტელიძე, CityPay-ის თანადამფუძნებელი.

CityPay.io-ს კრიპტოგადახდების სისტემა 2021 წლის დასაწყისიდან აქტიურად ფუნქციონირებს საქართველოს ბაზარზე და თანამშრომლობს სხვადასხვა სფეროს რამდენიმე წამყვან ბიზნესთან, ჯამში 400-მდე კომპანიასთან. ახლა უკვე შესაძლებელია ბიტკოინით ან სხვა კრიპტოვალუტებით ყოველდღიური შენაძენის გაკეთება, მაგალითად: საყოფაცხოვრებო ტექნიკის ყიდვა, ონლაინმაღაზიიდან სასურველი ნივთის შეკვეთა ან თუნდაც, კაფეში ყავის დალევა.

და მაინც, როგორ მუშაობს ეს პლატფორმა და რა სახის უპირატესობებით სარგებლობს CityPay-ის მომხმარებელი? სტარტაპის ტექნოლოგია შექმნილია იმისთვის, რომ გადახდის პროცესი მაქსიმალურად მარტივი, სწრაფი და უნივერსალური იყოს − როგორც ნებისმიერი ტიპის ბიზნესისთვის, ასევე მისი მომხმარებლისთვის.

CityPay-ის პარტნიორი კომპანიები გადახდების მიღების ოთხი ძირითადი მეთოდით სარგებლობენ:

  1. ვებგვერდზე ინტეგრაცია − შესაძლებელია ელ.კომერციის ვებგვერდზე მარტივი ინტეგრაცია და გადახდების ავტომატური მიღება, სადაც მომხმარებლისთვის სასურველი პროდუქტის შეძენა, გადახდის მეთოდებს შორის, CityPay-ის კრიპტოგადახდის ფუნქციის არჩევით იქნება ხელმისაწვდომი;
  2. Email-ორდერი − საგადახდო ორდერის გენერირება, რომელსაც მომხმარებელი ელ.ფოსტაზე მიიღებს;
  3. POS-აპლიკაცია − მობილური აპლიკაცია, რომელიც მორგებულია Android და iOS-მოწყობილობებზე და სავაჭრო ობიექტზე ადგილზე თანხის მიღებას ემსახურება;
  4. წინასწარი დეპოზიტი − მომხმარებლის მიერ კომპანიის ვირტუალური ბალანსის წინასწარ შევსების საშუალება.

ოთხივე მეთოდით მომხმარებლისთვის გადახდის ოპერაცია ძალიან მარტივად, QR-კოდის სკანირებით ან „ორდერზე“ გამოტანილ მისამართზე კრიპტოვალუტის გადარიცხვით არის შესაძლებელი. რაც მთავარია, გადახდა ნებისმიერი კრიპტოსაფულის მეშვეობით არის შესაძლებელი, რაც CityPay-ის პლატფორმის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტული უპირატესობაა. ტრანზაქციისას, ნებისმიერი პროდუქტის ან სერვისის ფასის ეკვივალენტი კრიპტოვალუტის რაოდენობა 60 წამის განმავლობაში ფიქსირდება. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ „სითიფეის“ ამ პლატფორმის სისტემაში რამდენიმე კრიპტობაზარია ინტეგრირებული, რაც საშუალებას გვაძლევს, შეძენის განხორციელებისას გადახდილი თანხის კონვერტაცია საუკეთესო კურსით მოხდეს.

კომპანიებისთვის, საიტზე www.citypay.io რეგისტრაციის შემდეგ, იხსნება პირადი კაბინეტი, სადაც ყველა საჭირო ინფორმაციაა თავმოყრილი. ამავე ვირტუალურ კაბინეტში იქმნება ციფრული საფულე და გადახდის „ორდერის“ გენერირებაც აქედანვეა შესაძლებელი. გაყიდვებიდან მიღებული თანხა კომპანიის პირად კაბინეტში კრიპტოვალუტაში აისახება, პირადი კაბინეტიდანვე შესაძლებელია თანხის გატანის მოთხოვნაც, რის შემდეგაც კომპანიის საბანკო ანგარიშზე ხდება პროდუქტის ღირებულების შესაბამისი თანხის ნებისმიერ სასურველ ვალუტაში (ლარი, დოლარი, ევრო, ლირა) დარიცხვა.

გვინდა ორიოდ სიტყვით კრიპტოვალუტებსაც შევეხოთ და განვიხილოთ ამ საგადახდო საშუალების პერსპექტივები − როგორც გლობალურ, ისე საქართველოს ბაზრის ჭრილში. მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით პანდემიის დაწყებიდან მოყოლებული, კრიპტოვალუტების გარშემო მორიგი „ბუმი“ დაიწყო, რაც განპირობებულია მსოფლიოს გავლენიანი ადამიანების მხრიდან კონკრეტული „ქოინების“ და ზოგადად, კრიპტოვალუტის აქტიური მხარდაჭერით, ასევე, ამ თემის საჯარო განხილვის საგნად ქცევით. აღსანიშნავია, რომ ციფრული ვალუტა ეტაპობრივად იძენს ღირებულებას სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ფორმით. მაგალითად, ელ-სალვადორმა კრიპტოვალუტა ოფიციალურად აღიარა როგორც ვალუტა, რომელსაც ბაზრის მყისიერი ადაპტაციაც მოჰყვა. ქვეყანაში სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდმა კრიპტოვალუტის გადახდის მეთოდად გამოყენება დაიწყო, რაც ამა თუ იმ სფეროს და ინდუსტრიას ვირუსულად მოედო.

როგორც CityPay-ში აცხადებენ, კრიპტოვალუტის მიმართ დაინტერესება საქართველოშიც საკმაოდ მაღალია, განსაკუთრებით კი ფიზიკური პირების მხრიდან. „მივიჩნევით კრიპტო და ბლოკჩეინ მეგობრულ ქვეყნად და ამ სფეროდან სიახლეების მიღება საკმაოდ სწრაფად ხდება. ჩვენს ქვეყანაში დიდი კრიპტო/ბლოკჩეინ „ქომუნითი“ არსებობს, რომელიც სწრაფად იზრდება. ბიზნესსექტორს რაც შეეხება, ჩვენი საქმიანობის დაწყებიდან დღემდე, აქაც დიდ პროგრესს ვხედავთ დაინტერესების კუთხით და სულ უფრო მეტი კომპანია გამოთქვამს მზადყოფნას, ინტეგრირდნენ კრიპტო ეკოსისტემაში“, − აღნიშნავს ბექა ქემერტელიძე.

საფინანსო სფეროს ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ კრიპტოვალუტას ბევრი მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს ტრადიციულ ფულთან და არსებულ სისტემებთან შედარებით. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ისაა, რომ კრიპტოტრანზაქციას არ ჰყავს შუამავალი. შესაბამისად, პროცესი გაცილებით სწრაფია, საკომისიო გადასახადი მინიმუმამდე მცირდება და რაც მთავარია, საფინანსო ინსტიტუტების კონტროლს არ ექვემდებარება. ცნობისათვის, საერთაშორისო გადარიცხვებისთვის საკმაოდ დიდი პრობლემაა ე.წ. „ჩარჯბექები“ და ბარათებთან დაკავშირებული თაღლითობის − „ფროდის“ ფაქტები, რასაც კრიპტოტრანზაქცია ასევე მინიმუმამდე ამცირებს.

„კრიპტოვალუტების მფლობელები მთელი რიგი უპირატესობებით სარგებლობენ: უპირველეს ყოვლისა, ისინი თავს არიდებენ საკომისიოებს, რომლებიც კრიპტოვალუტის საბანკო ანგარიშზე მიღების პროცესში იჩენს თავს. მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი უპირატესობაა, რომ მათ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში აქვთ შესაძლებლობა, შეიძინონ ნებისმიერი პროდუქტი და მომსახურება. ამასთან, კრიპტოენთუზიასტების საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია კრიპტო-ეკოსისტემის განვითარება, ამიტომ ამგვარ გადახდებს ყოველთვის უპირატესობას ანიჭებენ ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით“, − აცხადებენ CityPay-ს წარმომადგენლები, − „ბიზნესისთვის უამრავი სარგებლიდან გამოვყოფდით გადახდების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების შემცირებას, რაც კრიპტოგადახდების შემთხვევაში 5-7-ჯერ ნაკლებია. მნიშვნელოვანია, რომ გადახდების მიღება ხდება შუამავლების გარეშე, რაც საერთაშორისო გადარიცხვების შესრულებისათვის საჭირო დროს საგრძნობლად ამცირებს. გადახდების ანონიმურობაც ასევე გარკვეული ტიპის ბიზნესის მომხმარებლებისთვის ხშირად მნიშვნელოვანი ფაქტორია. ბიზნესისთვის კრიპტოგადახდის დანერგვა, არა მხოლოდ გადახდის მიღების დამატებითი არხი, არამედ ბაზრის სრულიად ახალი, დიდი და მზარდი სეგმენტის ათვისების ძალიან კარგი შესაძლებლობაა. სტატისტიკით დადასტურებულია, რომ ონლაინშოპინგისას კრიპტოთი გადამხდელები თითქმის 2-ჯერ დიდ ტრანზაქციას ახორციელებენ, ვიდრე მომხმარებლები საბარათე გადახდისას“.

გაიცანით CityPay-ის გუნდი

უნიკალური, კავკასიის რეგიონში პირველი კრიპტოგადახდების პლატფორმის უკან საკმაოდ გამოცდილი, არაერთი ბიზნესმიმართულების პროფესიონალთა გუნდი დგას. მოგეხსენებათ, ინოვაციური იდეების რეალიზება გულანთებული ენთუზიასტების ჩართულობის გარეშე იშვიათად ხდება. Entrepreneur-ს გვინდა უკეთ გაგაცნოთ CityPay-ს დამფუძნებლები და სტარტაპის მართვაში აქტიურად ჩაბმული ადამიანები, რომლებსაც ათწლიანი მეგობრობისა და ერთობლივად განხორციელებული პროექტების ისტორია აკავშირებთ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, CityPay-ის დამფუძნებლები და მმართველი პარტნიორები ბექა ქემერტელიძე და ერალფ ჰატიპოღლუ არიან. ბექა სტარტაპს საოპერაციო კუთხით ხელმძღვანელობს, ხოლო ერალფი გაყიდვების მიმართულებას კურირებს.

აღსანიშნავია, რომ ბექა ქემერტელიძე კრიპტოვალუტების ერთ-ერთი ექსპერტია საქართველოში, ასევე, აქვს მენეჯმენტისა და ტექნოლოგიური პროდუქტების განვითარების 9-წლიანი გამოცდილება. მისი კრიპტოსფეროსთან დაახლოება ჯერ კიდევ 2016 წელს მაინინგ-ცენტრის დაფუძნებით და კრიპტო „თრეიდინგით“ დაიწყო. ამ პერიოდში, ბექამ პარტნიორთან ერთად მალევე დაინახა კრიპტოსამყაროს მომავალი და დიდი პოტენციალი, რაც გახდა ახალ სტარტაპ CityPay-ის დაბადების განმაპირობებელი. ბექა სტარტაპის დაფუძნების დღიდან აქტიურად მუშაობს პროდუქტის განვითარებაზე ტექნიკურ გუნდთან ერთად და დღესდღეობით, სტარტაპის სტრატეგიულ განვითარებას და საოპერაციო ნაწილს ხელმძღვანელობს.

„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენს გუნდს აერთიანებს, 10-წლიან მეგობრობასთან ერთად, არის ხედვა, რომ კრიპტოვალუტა მომავლის ვალუტაა. ამავე იდეოლოგიას გავაგრძელებთ უახლოეს მომავალშიც, როცა გავფართოვდებით და გუნდში ახალ წევრებს დავიმატებთ“, − აცხადებს ბექა ქემერტელიძე.

CityPay-ის მეორე დამფუძნებელ ერალფ ჰატიპოღლუს მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით 10-წლიანი გამოცდილება უმაგრებს ზურგს. მან 2016 წელს საქართველოში ერთ-ერთი პირველი მაინინგ-ცენტრი დააარსა და ამ დღიდან მოყოლებული, მის აღმასრულებელ დირექტორობასაც ითავსებს. დღეის მდგომარეობით, ერალფი CityPay-ის დამფუძნებელი და კომერციული დირექტორი გახლავთ. როგორც თავად აღნიშნავს, ეს სტარტაპი სრულ თანხვედრაშია მის იდეოლოგიასთან და მტკიცედ სჯერა, რომ კრიპტოგადახდები უახლოეს მომავალში ყველას ყოველდღიურობად იქცევა. ერალფი აქტიურადაა ჩართული პოტენციურ თუ არსებულ საერთაშორისო პარტნიორებთან და კლიენტებთან კომუნიკაციაში და უმნიშვნელოვანესი წვლილი მიუძღვის სტარტაპის დღევანდელი სახით ფორმირების საქმეში.

სტარტაპ CityPay-ის ტექნიკური გუნდისა და პროდუქტის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი თამთა დავითაშვილი გახლავთ. თამთას აქვს 5-წლიანი გამოცდილება ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში, პროდუქტის მენეჯმენტსა და ტექნიკური გუნდის მართვაში. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა საბანკო სფეროში და აქვს ციფრული გადახდების სიღრმისეული ცოდნა. ბოლო რამდენიმე წელია, რაც თამთა აქტიურად თანამშრომლობს რეგიონში წამყვან სტარტაპებთან, რომლებიც წარმოადგენდნენ კრიპტოგადახდების, სათამაშო ბიზნესის, ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების ინდუსტრიებს. თამთა დავითაშვილი Agile-მეთოდოლოგიის მიმდევარია და საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სტარტაპებთან სწორედ ამ მიდგომით მუშაობდა. იგი CityPay-ის გუნდს, სტარტაპის დაფუძნების დღიდან შეუერთდა, რადგან თავადაც მტკიცედ სჯერა კრიპტოსამყაროს მომავლის პერსპექტივების და დეცენტრალიზაციის იდეოლოგიის. როგორც კომპანიაში აცხადებენ, თამთას დამსახურებით, მათმა პროდუქტმა წარმოუდგენლად სწრაფი განვითარების ტემპს მიაღწია.

თანამედროვე ბიზნესსამყარო წარმოუდგენელია ძლიერი მარკეტინგული სტრატეგიის გარეშე. სწორედ Citypay-ის მარკეტინგის მიმართულებას ხელმძღვანელობს ქეთი ქარსელაძე. ქეთიმ ხუთი წლის განმავლობაში, ბიზნესსაკონსულტაციო და მარკეტინგული პროექტების აუთსორსინგის მიმართულებით, ათეულობით პროექტის მართვის, სტრატეგიული დაგეგმვისა და განხორციელების გამოცდილება დააგროვა. საქმიანობის პარალელურად, ქეთი სხვადასხვა კომპანიასთან ერთად თავადაც აქტიურად იყო ჩართული სტარტაპების სააქსელერაციო და საინვესტიციო მიმართულებით ხელშემწყობ პროექტებში. ამის შემდეგ, 2017 წლიდან ქეთის ინტერესი ტექნოლოგიების მიმართულებით გაძლიერდა და „ქლაუდ“-ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ ტექ-სტარტაპში, შემდეგ კი, სრულად Fin-Tech-ინდუსტრიაში გადაინაცვლა და ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო ციფრული გადახდების სისტემის პროვაიდერ კომპანიაში მარკეტინგულ მიმართულებას ხელმძღვანელობდა.

ქეთის კრიპტოსამყაროში გადაბარგების მთავარი მოტივატორი გახლდათ მისი უსაზღვრო ინტერესი ციფრული სამყაროს შესაძლებლობებისა და დეცენტრალიზებული ფინანსური ბაზრის მიმართ. დღესდღეობით კი, ქეთი ქარსელაძე CityPay-ის ადგილობრივ და საერთაშორისო მარკეტინგულ სტრატეგიებზე მუშაობს.

ტექნოლოგიური სტარტაპისათვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას სტრატეგიული კომუნიკაცია წარმოადგენს, რის უმაღლეს დონეზე მართვას CityPay-ში ამ სფეროს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტი − მარიამ მელაძე უზრუნველყოფს.

მარიამი ფლობს ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების მაგისტრის ხარისხს სტრატეგიული პროექტის მენეჯმენტში. მას განხორციელებული აქვს მრავალი ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტი, რომელიც მეწარმეობის ხელშეწყობას და სტარტაპების განვითარებას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ მარიამი აქტიურად მუშაობს როგორც საქართველოში, ისე გერმანიაში, და წარმატებით უძღვება ინვესტორებთან და B2B-პარტნიორებთან კომუნიკაციას.

ცხადია, რომ კრიპტოსამყაროში ტექნიკური ცოდნისა და გამოცდილების მქონე ადამიანების გარეშე მუშაობა პრაქტიკულად შეუძლებელია. CityPay-ის ტექნიკური ნაწილის მართვას რატი ირემაძე − საკმაოდ გამოცდილი სპეციალისტი უზრუნველყოფს.

რატი სისტემური ინჟინერი და ინფრასტრუქტურის არქიტექტორი გახლავთ. მას აქვს სისტემის მართვის, DevOps-ისა და ბლოკჩეინის ტექნოლოგიასთან სხვადასხვა წარმატებულ ტექნოლოგიურ კომპანიაში მუშაობის რვაწლიანი გამოცდილება. CityPay-ში იგი პასუხისმგებელია როგორც სტარტაპის მიმდინარე ტექნოლოგიურ საჭიროებებზე, ასევე, მის კვლევებსა და განვითარებაზე (R&D). გარდა ამისა, რატი ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც არაერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს.

მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს, CityPay-იმ ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პრაღაში მდებარე მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სტარტაპების აქსელერატორ StartupYard-თან დაიწყო თანამშრომლობა. აქსელერაციის პირველი ეტაპი 3-თვიანი მენტორინგისა და ვორქშოპების პროგრამას მოიცავდა, ხოლო მეორე ეტაპი სტარტაპის ვენჩურულ ინვესტორებთან კომუნიკაციას და მოლაპარაკებებს დაეთმო.

„StartupYard-ში საკმაოდ რთული შესარჩევი ეტაპის გავლის შემდეგ, აქსელერატორში კონკრეტული მიზნებით შევედით. პროგრამის სამთვიანი ეტაპი იმაზე შრომატევადი აღმოჩნდა, ვიდრე წარმოგვედგინა. დღეში რამდენიმე სამუშაო სესია საერთაშორისო ბიზნესმენტორებთან, ვენჩურულ ფონდებთან და „ანგელოზ“ ინვესტორებთან მართლაც დიდი გამოცდილება იყო ჩვენთვის. ერთი მხრივ, დიდი რაოდენობის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება დარგის პროფესიონალებისგან, მეორე მხრივ კი ამ ცოდნის გარდაქმნა კონკრეტულ გადაწყვეტილებებად ჩვენი სტარტაპისთვის დიდი პროგრესის მომტანი აღმოჩნდა. პროექტში მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება და უკვე გვაქვს ბევრად მკაფიო ხედვა სტარტაპის მომავალზე“, − აცხადებენ CityPay-ის გუნდში.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სულ ახლახან დასრულებულ საინვესტიციო რაუნდზე, Angel-ინვესტიციის სახით, CityPay-იმ $500 000-ის ეკვივალენტის კრიპტოვალუტის მოზიდვა მოახერხა ქართველი და უცხოელი ინვესტორების მხრიდან. დაარსების დღიდან, სტარტაპის მიერ მოზიდული ინვესტიცია ჯამურად 700 000 დოლარს შეადგენს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების 100 000-ლარიანი გრანტის ჩათვლით. ამ უპრეცედენტო მოვლენის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, Entrepreneur სტარტაპის დამფუძნებლებს ესაუბრა:

„საინვესტიციო რაუნდი 4 თვის წინ გავხსენით. ბოლო პერიოდში ბევრ დაინტერესებულ პირთან გვქონდა კომუნიკაცია, თუმცა არჩევანი მათზე შევაჩერეთ, ვინც ჩვენს საერთო ხედვას იზიარებდნენ, რომ გადახდების მომავალი არის კრიპტო. საინვესტიციო რაუნდის გამოცხადების თავდაპირველი მიზეზი იყო ის, რომ გვაქვს პროდუქტის განვითარებისა და გლობალურად გაფართოების გეგმა, რისთვისაც გვჭირდებოდა დამატებითი რესურსი. მიღებული კრიპტო-ინვესტიცია კი საშუალებას მოგვცემს, ჩვენი გეგმა სწრაფად და მასშტაბურად განვახორციელოთ.

ინვესტიციის კრიპტოვალუტაში აღება ჩვენთვის ორმაგად მნიშვნელოვანი მოვლენაა. უპირველესად იმიტომ, რომ მიღებული ინვესტიცია ლოკალური ბაზრიდან რეგიონულ ბაზარზე ფართო მასშტაბებით გასვლის შესაძლებლობებს მოგვცემს, მეორე ის, რომ ჩვენი მიზანია, კრიპტოვალუტა გადახდის პრიორიტეტულ საშუალებად ვაქციოთ, ამის ყველაზე მასშტაბური პრეცედენტი კი, თავადვე განვახორციელეთ“.

რაც შეეხება CityPay-ის სამომავლო გეგმებს, როგორც თავად აცხადებენ, მათი პროდუქტი საერთაშორისო ბაზრისთვის არის შექმნილი, შესაბამისად, მთავარი მიზანი გლობალურ ბაზარზე გასვლას უკავშირდება. „დაწყებული გვაქვს მუშაობა რეგიონში მსხვილი ბაზრის მქონე ორ ქვეყანაში შესვლაზე, როგორებიცაა უკრაინა და თურქეთი. სამომავლოდ, გვსურს დსთ-ის (CIS) ქვეყნებში გაფართოებაც. ადგილობრივ ბაზარზე პარტნიორების რაოდენობის ზრდასთან ერთად, ჩვენი ერთ-ერთი გამოწვევა კრიპტოგადახდების მნიშვნელოვნების შესახებ ცნობიერების ამაღლება და პოპულარიზაციაა. CityPay-ის მიზანია, რომ საქართველოში, ტექნოლოგიებისა და კრიპტოეკოსისტემის განვითარებით, მსოფლიოს ერთ-ერთ მნიშვნელოვანი კერა შევქმნათ“, − აღნიშნავენ კომპანიაში.

Entrepreneur დაინტერესდა, თუ რას ურჩევდნენ ასეთი სწრაფად მზარდი და ამბიციური მიზნების მქონე სტარტაპის დამფუძნებლები დამწყებ ანტრეპრენერებს:

„სტარტაპერისთვის მთავარია მკაფიო მიზნის დასახვა და ამ მიზანთან მისასვლელად დაუღალავი და უწყვეტი შრომა. აუცილებელია სფეროს კარგი ცოდნა, ასევე − გამოცდილება. ტექნოლოგიური პროდუქტის შექმნისას, სირთულეების გადალახვა ბუნებრივი პროცესია. ჩვენთვის მთავარი სირთულე ალბათ უფრო საჭირო ფინანსების მოზიდვასა და პროდუქტის შექმნის ტექნიკურ პრობლემებს მოიცავდა, რასაც ეფექტურად ვუმკლავდებოდით. ის, რომ ჩვენი იდეა დღეს უკვე განხორციელებულ პროექტად იქცა, საკმაოდ დიდი შრომის შედეგია. პროცესში მრავალი პრობლემის გადაჭრა და გარკვეული საფეხურების ხელახლა რამდენჯერმე გავლა დაგვჭირდა. მათ, ვინც ახლა გადის საწყის ეტაპებს, ვურჩევდით, სჯეროდეთ საკუთარი იდეის, მუდმივად იყვნენ ახალი შესაძლებლობების ძიებაში და შეარჩიონ სწორი მენტორები განვითარების ახალი ეტაპებისთვის“.