კარგი მთქმელის კარგი გამგონი ანუ კომუნიკაციის არტი

By
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდაო, ასე ამბობენ. ვინ არის კარგი მთქმელი და მისი კარგი გამგონი? ამ შეკითხვაზე საპასუხოდ უნდა ვიმოგზაუროთ, ოღონდ ეს ის მოგზაურობა არ არის, რომელიც ყველას მოგვწყურდა პანდემიის დროს. პირიქით, ეს ის მოგზაურობაა, რომელშიც პანდემიამ დაგვპატიჟა − მოგზაურობა გეოგრაფიული ადგილმდებარეობის შეუცვლელად, მოგზაურობა თვალთახედვებში. ფრანგი მწერალი მარსელ პრუსტი გვარწმუნებს, რომ ნამდვილი მოგზაურობა ახალი ადგილების დალაშქვრას კი არა, ნაცნობ ადგილებში ახალი აღმოჩენების გაკეთებას გულისხმობს. იქნებ კარგი მთქმელი და მისი გამგონი ის მოგზაურები არიან, რომლებიც ბედავენ, ახალი თვალით შეხედონ არსებულ რეალობას.

entrepreneur.ge

კომუნიკაციის ეფექტურობის თემა ყველა დროში აქტუალურია. თანამედროვე ადამიანი განებივრებულია კომუნიკაციის ნაირ-ნაირი საშუალებებითა და ფორმებით. თუმცა, ასეთ არხებზე წვდომის გაფართოების მიუხედავად, კომუნიკაციის ხარისხის საჭიროებას მნიშვნელობა არ დაუკარგავს. როგორია ეფექტური კომუნიკაცია და რომელი ელემენტებისგან შედგება მისი უნივერსალური ფორმულა? ამ შეკითხვაზე ყველა ავტორს და სპიკერს თავისი პასუხი აქვს და ყველა პასუხი ერთნაირად სწორია, რადგან თითოეული კონკრეტულ გამოცდილებას ეფუძნება. ეფექტური კომუნიკაციისთვის აუცილებელი ყველა ცნობილი ინგრედიენტი რომ ხელიდან გამომაცალონ, ჯიუტად არ დავთმობ სიცხადეს, როგორც უპირველეს და აუცილებელ, ეფექტური კომუნიკაციის შინაარსის განმსაზღვრელ, ელემენტს. ასეთია ჩემი სუბიექტური არჩევანი.

თანამედროვე ადამიანი ინფორმირებული არჩევანის პრინციპით ოპერირებს. ნებისმიერ სფეროსა თუ ურთიერთობაში განმსაზღვრელია ინფორმირებულობა, როგორც გონივრული წინაპირობა გაცნობიერებული არჩევანის გასაკეთებლად. შესაბამისად, რომელი წერტილიდანაც უნდა ვპოზიციონირებდე − მომხმარებელი ვარ თუ მეწარმე, მასწავლებელი თუ მოსწავლე, მშობელი თუ შვილი, დამკვეთი თუ შემსრულებელი − ზუსტად უნდა ვიცოდე თამაშის წესები. ეს მიმართება გამოიყენება პირად ურთიერთობებშიც. თუ ეფექტური კომუნიკაცია რაიმეს შეიძლება ნიშნავდეს, ეს უპირველესად სწორედ სიცხადეა კომუნიკაციის პროცესის მონაწილეთა შორის დიალოგში. ვფლობდე ეფექტური კომუნიკაციის უნარებს, ნიშნავს, ცხადად მესმოდეს ჩემი ქცევის მოტივაცია, კონკრეტული მიზანი, და ზუსტად ამის მიხედვით გამოვხატავდე საკუთარ თავს კონკრეტულ ადამიანებთან კომუნიკაციაში.

ურთიერთობებში საკუთარი თავისა და ინტერესის ცხადად გამოხატვის წინაპირობა ემოციური ინტელექტის ცნების საიდუმლო თანმიმდევრობაშია. ემოციური ინტელექტის დეფინიცია მოიცავს ადამიანის მიერ როგორც საკუთარი თავის, ისე გარემოს მართვის უნარს. ამასთან, გარემო მოიაზრება როგორც ვიწრო, ისე ფართო მნიშვნელობით. შესაბამისად, ემოციური ინტელექტი გვჭირდება როგორც ერთმანეთთან ურთიერთობებში, მიკროკონტექსტის ჩარჩოში, ისე შედარებით მრავალრიცხოვანი გუნდების მართვისას, ლიდერული კომპეტენციის რეალიზაციისას. ყველაზე საინტერესო ემოციური ინტელექტის დეფინიციაში ის საიდუმლო წესრიგია, რომელიც შეიძლება ასე ხილულად პირდაპირ არ ჩანდეს. გარემოს მართვის უნარების შეძენისა და დახვეწის წინაპირობა სწორედ საკუთარი თავის მართვაშია. ამიტომ, მართვის ხელობის დასაუფლებლად ადამიანმა ცოტა ხნით უნდა დაიოკოს „სხვების მართვის" ცდუნება და ყველაზე რთულად სამართავ კლიენტს, ე.ი. საკუთარ თავს უნდა წაემუშაოს.

რას უნდა ნიშნავდეს ეს ეფექტური კომუნიკაციისა და სიცხადის კონტექსტში? იმისთვის, რომ ცხადი და მიზანმიმართული ვიყო სხვებთან კომუნიკაციაში − მიკროგარემო იქნება ეს თუ მრავალრიცხოვანი აუდიტორია, თავად უნდა ვიცნობდე კარგად ჩემს სურვილებს, ჩემს ნამდვილ ნებას. შესაბამისად, საკუთარ მოტივაციაში გარკვევა და შინაგანი დასტურის აუცილებლობა მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ჩემი თვითგამოხატვისა და კომუნიკაციის ხარისხს სხვებთან ურთიერთობებში. ჩვენს საუკუნეში მოტივაციისა და თვითგამორკვევის თემა დიდი პოპულარობით სარგებლობს, თუმცა ხშირად მოტივაციაზე საუბრის კონტექსტი მხოლოდ მისი გაზრდით შემოიფარგლება. სინამდვილეში კი ღირებულ შეკითხვებს შორის ყველაზე ძვირფასია ის, რომელიც თავად კონკრეტული მოტივაციის არსებობას დაუსვამს შეკითხვას. ყველაზე დიდი გამოწვევა უკავშირდება შეკითხვისთვის „რატომ"? შეკითხვის − „რატომ"? დასმას.

თვითგაცნობიერებული ადამიანები სწორედ მაშინ ფერხდებიან და ანელებენ სვლას, როდესაც საკუთარი მოტივაციის სიცხადეში ეპარებათ ეჭვი. ხშირად ის, რაც ყველაზე კარგად გამოგვდის, რაშიც გამოცდილება, აღიარება და წარმატება გვაქვს მოპოვებული, შესაძლოა არ იყოს ის, რაც რეალურად გვაბედნიერებს. სწორედ ასეთ დროს საკუთარ თავთან გულწრფელ დიალოგს საჭირო სიცხადე მოაქვს. საკუთარ თავთან გაცხადებული სურვილები, არსებულის გადაფასება და ახლის საძიებლად აუცილებელი გამბედაობის მოკრება, ჩვენს თავთან ეფექტური კომუნიკაციის ყველაზე სწორი მოდელია. როდესაც ზუსტად იცი, რას და რატომ აკეთებ, იძენ სიმშვიდეს და ბუნებრივ თავდაჯერებულობას, აღარ ღელავ სხეულის ენის კონტროლზე. ასეთ დროს უპირველესად საკუთარი თავის ხმა გესმის. ასეთი მოგზაურობის შემდეგ საკუთარ თავში აღმოაჩენ კარგ მთქმელსაც და კარგ გამგონსაც; რასაც საკუთარ თავში იპოვი, იმის მოპოვება შემდეგ უკვე ყველგან შესაძლებელია.