📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

Freelancer-ების სამართალი: რა უნდა გავითვალისწინოთ, როცა დამკვეთთან შეთანხმებას ვდებთ?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ციფრული ტრანსფორმაციის პარალელურად Freelancer-ების რაოდენობა მსოფლიო მასშტაბით ყოველდღიურად იზრდება, თუმცა კომფორტული სამუშაო პროცესისა და საინტერესო პროექტების განხორციელებასთან ერთად, ყოველივე ამას გარკვეული ტიპის გამოწვევებიც ახლავს. საკმაოდ ხშირია შემთხვევა, როდესაც შეთანხმება ირღვევა და დამკვეთების მხრიდან არაკეთილსინდისიერი ქმედება ხორციელდება. მაგალითად, ეს შესაძლოა, იყოს ანგარიშსწორების პირობების დარღვევა ან დამკვეთის მიერ რედაქტირებების მოთხოვნა, რომელიც სცდება ხელშეკრულების პირობებს. რა რისკ-ფაქტორების ქვეშ შეიძლება აღმოჩნდნენ ფრილანსერები, როდესაც ციფრულ გარემოში დებენ შეთანხმებას და რა სახის რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ იმისათვის, რომ არ დაირღვეს მათი უფლებები? − ამ თემებთან დაკავშირებით Entrepreneur სამართლის დოქტორსა და ადვოკატს, სერგი ჯორბენაძეს ესაუბრა.

რამდენად ხშირია დამკვეთების მხრიდან არაკეთილსინდისიერი ქმედებები და რა რისკ-ფაქტორების წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ ფრილანსერები?
„ფრილანსერების სამართალზე საუბრისას, მთავარი და ამომავალი საკითხი გახლავთ ხელშეკრულება, რომელსაც ისინი დამკვეთთან აფორმებენ. ხელშეკრულების დადება, შესაძლებელია განხორციელდეს სოციალური მედიის სხვადასხვა საშუალებით, მათ შორის: Facebook, Instagram, WhatsApp და სხვა. ამ კომუნიკაციით, ერთი მხრივ, იძენენ გარკვეულ უფლებებს, ხოლო მეორე მხრივ, ეკისრებათ ვალდებულებები, შეთანხმებული ვადისა და პირობების გათვალისწინებით შეასრულონ კონკრეტული სამუშაო. თანამედროვე რეალობაში ამ მიმართულებით რამდენიმე ძირითადი პრობლემა და გასათვალისწინებელი საკითხი არსებობს:

  • ხელშეკრულების დადება − მნიშვნელოვანია, თუ როგორ პირობებზე თანხმდებიან მხარეები. ამ კუთხით, ხშირად საკამათოა მომსახურების გაწევის ხარისხი − შესაძლებელია, დამკვეთსა და შემსრულებელს სხვადასხვა წარმოდგენა ჰქონდეთ. ალბათობა იმისა, რომ განმარტების კუთხით გარკვეული სახის დაბრკოლება წარმოიშობა, რაც სასამართლოში დავის საგანი გახდება, საკმაოდ მაღალია. განსაკუთრებით, როდესაც ვსაუბრობთ ტექნოლოგიების ეპოქაზე, თუ მომსახურების გაწევა ციფრულ ასპექტებსაც მოიცავს, ხარისხისა და შედეგის წინასწარი განსაზღვრა და შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია;
  • იდენტიფიცირების სირთულე − არსებობს შემთხვევები, როდესაც დამკვეთის იდენტიფიცირება შეუძლებელია. სოციალურ ქსელებში არსებობს ბევრი პირადი ანგარიში, რომლის დასახელებით რთულია დაადგინო, ვინ დგას მის უკან. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია ფრილანსერმა დადოს ხელშეკრულება იმ ადამიანთან, რომელთანაც, შემდგომი საჭიროების შემთხვევაში, ვერ დაიცვას თავი. შესაბამისად, მიზანშეწონილია, თუ ვერ ხორციელდება რომელიღაც ანგარიშის უკან მდგარი ფიზიკური პირის იდენტიფიკაცია, მასთან დაიდოს ხელშეკრულება, სადაც აღწერილი იქნება სრული ინფორმაცია ამ პიროვნების შესახებ;
  • დამატებითი სამუშაო მაგალითად, დეველოპერი Wordpress-ზე აწყობს ვებგვერდს და დამკვეთმა, ხარისხთან მიმართებით განსხვავებული და სუბიექტური შეხედულების გამო, ისეთი დეტალების ჩასწორება მოსთხოვოს შემსრულებელს, რომელიც სცდება სახელშეკრულებო ფარგლებს, ან იმ თანხასა და ოდენობას, რომელზეც თავდაპირველად შეთანხმდნენ.

თუ საკითხი ეხება ე.წ. ინფლუენსერებს, რომლებიც შეთანხმებას ციფრული საშუალებების მეშვეობით აფორმებენ, უნდა გავითვალისწინოთ ორი ასპექტი:

  • დაკვეთის კანონიერება − რას უკვეთს დამკვეთი და რამდენად კანონიერია ამ მოქმედების განხორციელება? თუნდაც კონკრეტული ბრენდის, სასაქონლო ნიშნისა და მომსახურების გაპიარებას და მის პოპულარიზაციას ეხებოდეს?
  • კომპანიის წარმომადგენლობა საერთაშორისო პრაქტიკაში იყენებენ შემდეგ გამონათქვამს: „კონკრეტული ინფლუენსერი შესაბამისი კომპანიის ელჩია სოციალურ მედიაში". ამ შემთხვევაში, ინფლუენსერის ქმედებით, შესაძლოა, ზიანი მიადგეს თავად კომპანიასაც, რომელსაც ის წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, როგორც ვახსენეთ, ხელშეკრულებაში ამ პირობების გაწერა იმგვარად, რომ ფრილანსერები თუ ინფლუენსერები სამართლებრივ ჩარჩოებში მოქმედებდნენ".

რჩევები: რა უნდა გაითვალისწინონ ფრილანსერებმა, როდესაც შეკვეთებს იღებენ სოციალური ქსელების მეშვეობით?
„ციფრულ გარემოში შეთანხმების დადებისას, უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე კომპონენტი:

  • ხელშეკრულების დადება და არსებით პირობებზე შეთანხმება − როდესაც ხელშეკრულების დადებაზე ვსაუბრობთ, ისეთი სახის ხელშეკრულებას ვგულისხმობთ, რომლის გაფორმება დასაშვებია თუნდაც სოციალურ მედიაში − მაგალითად, მომსახურების ხელშეკრულება. ამ პირობებში თავიდანვე უნდა იყოს შეთანხმებული ძირითადი პირობები და უფლება-მოვალეობები;
  • პირის იდენტიფიცირება − სასურველია, ვიცოდეთ სახელი/გვარი ფიზიკური პირის, ხოლო დასახელება − თუ საქმე გვაქვს კომპანიასთან. იდეალურ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია პირადი ნომრის ან საიდენტიფიკაციო ნომრის ცოდნა;
  • ხარისხის აღქმა − საფუძველშივე უნდა იყოს შეჯერებული ხარისხისა და საბოლოო პროდუქტის/მომსახურების საკითხები;
  • პერიოდულობის განსაზღვრა − მნიშვნელოვანია შემკვეთისთვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდება: რა ვადაში უზრუნველყოფს ესა თუ ის ფრილანსერი მომსახურების გაწევას. წინასწარი შეთანხმება გამორიცხავს გაუგებრობას შემდგომი გართულებების თავიდან აცილების მიზნით;
  • თავის დაზღვევა − ზოგიერთ სიტუაციაში დამკვეთი იღებს შესრულებულ სამუშაოს, თუმცა არ ახორციელებს ანგარიშსწორებას. ამ მოცემულობაში შესაძლებელია მხარეები შეთანხმდნენ ეტაპობრივ ანგარიშსწორებაზე, რაც ხელშეკრულებაშიც მკაფიოდ იქნება გაწერილი;
  • ფორმატი − ხარჯი, რომლის გაწევაც უწევს ფრილანსერს, აუცილებელია წინასწარ იყოს მიღებული. მაგალითად, მსგავსი ტიპის ხარჯი, შესაძლებელია იყოს: სოციალურ მედიაში კონტენტის დასპონსორება და სხვა".

სამართლებრივი ჩარჩო: არსებობს თუ არა პრეცედენტები, როდესაც ფრილანსერების საკითხი სასამართლო განხილვაზე დადგა და მათ სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება მოსამართლემ?
„პრაქტიკაში, მეტწილად, არსებობს წერილობითი ხელშეკრულებების საფუძველზე მოთხოვნის დაყენება და შესაბამისი თანხის ანაზღაურება, თუმცა გამონაკლისიც არსებობს − პირობითად, Messenger-ში დადებული შეთანხმების შემთხვევაში. სოციალურ ქსელებში დადებული შეთანხმების საფუძველზე მოთხოვნის დაყენება დასაშვებია, თუ გარკვეული სამართლებრივი გამონაკლისი არ არის და აუცილებელი არაა ის არსებობდეს კონკრეტული წინასწარ დადგენილი ფორმით. საერთაშორისო მასშტაბით ერთი საინტერესო მაგალითი შეგვიძლია გავიხსენოთ: სასამართლომ ე.წ. Emoji პოზიციის დაფიქსირებად აღიქვა. აქედან გამომდინარე, Messenger-ში მიმოწერა წარმოადგენს არა მხოლოდ საქმიან კომუნიკაციას, არამედ მისი მეშვეობით, შესაძლებელია, სამართლებრივი პასუხისმგებლობაც კი დადგეს. საქართველოში მსგავსი პრაქტიკა, რამდენადაც მსმენია, არ ყოფილა. მთლიანი კონტექსტი თუ იკვეთება, შესაბამისი Emoji, შესაძლოა, ხელშეკრულების დადებად ან კონკრეტულ პირობებზე შეთანხმებად მიიჩნიონ. თუმცა, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ: უმჯობესი იქნება, ხელშეკრულება იმგვარად იქნას დადებული, რომ თავის დაზღვევის შესაძლებლობა ჰქონდეს კონკრეტულ ფრილანსერს".

რა შეიძლება ჩაითვალოს სამხილად ციფრულ გარემოში?
„როგორ შეიძლება დავასაბუთოთ Messenger-ში არსებული მიმოწერით ფრილანსერმა, რომ მან დადო ხელშეკრულება, მიიღო შეკვეთა და განახორციელა იგი? გეტყვით, რომ Screenshot-ით ეს დასაშვებია. მეტიც − საქართველოში არსებობს მსგავსი პრაქტიკა, როგორც სამოქალაქო, ისე სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ საქმეებზე − მხოლოდ ფრილანსერს არ ვგულისხმობ ამ შემთხვევაში. Screenshot იყო წარდგენილი, როგორც მტკიცებულება და სასამართლომ იგი გაიზიარა. მთავარია, სქრინში ზუსტად ჩანდეს დეტალები და იკვეთებოდეს, რომ მხარეებს შორის ნამდვილად არსებობდა შეთანხმება და შემკვეთის ქმედება არის არაკეთილსინდისიერი. საქართველოში გვაქვს ინსტიტუტი, რომელსაც ჰქვია ფაქტების კონსტატაცია − აღსრულების ეროვნული ბიუროს დაქვემდებარებაში არსებული სერვისი, რომლის ფარგლებში შესაძლებელია ოფიციალურად დასაბუთდეს მიმოწერა. ამ მიმოწერის დასაბუთებას აქვს წონადი, ურყევი, სამართლებრივი ძალა და მის საფუძველზე შესაძლებელია, მხარემ დააყენოს მოთხოვნა. თუმცა, როგორც აღვნიშნე, ფაქტების კონსტატაცია არ არის აუცილებელი და სავალდებულო კომპონენტი − ხშირად, მარტივი Screenshot-ითაც შესაძლებელია, სასურველ შედეგს მივაღწიოთ".

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი