10 დოკუმენტური ფილმი ბიზნესზე, საიდანაც ანტრეპრენერები ბევრს ისწავლიან

დოკუმენტურ ფილმს იმიტომ უნდა უყუროთ, რომ დაისვენოთ კიდეც და გაცილებით ჭკვიანიც გახდეთ
10 დოკუმენტური ფილმი ბიზნესზე, საიდანაც ანტრეპრენერები ბევრს ისწავლიან
ფოტო: Entrepreneur Georgia
5 min read
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

კარგი დოკუმენტური ფილმი, როგორც წესი, ინფორმაციულია და შემეცნებითი, თუ არაფერს ვიტყვით იმაზე, რომ ნამდვილად კარგი გასართობია.

საუკეთესო კინემატოგრაფისტებს შეუძლიათ რომელიღაც ამბით ისე გაიტაცონ მაყურებელი, რომ მან ეკრანს თვალი ვერ მოაცილოს. თუ მათი გულის სიმებს შეეხებით, ემოციებს გაუჩენთ და ინტერესს გაუღვივებთ, თამამად შეგიძლიათ თქვათ, რომ სერიოზული რამ მოახერხეთ − თქვენი იდეის გაზიარება შეძელით.

წარმოგიდგენთ 10 საუკეთესო დოკუმენტურ ფილმს ბიზნესზე:

1. როგორ გახდე უორენ ბაფეტი (2017)

უორენ ბაფეტის ქონება $60 მილიარდს აღემატება. ის იმდენად უჩვეულო ადამიანია, რომ ყველასგან განსხვავდება. ბაფეტი ამ ტიპის ერთადერთი მილიარდერია. გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ფილმი ფასდაუდებელ ცოდნას შეგძენთ. ამ მოკრძალებული მილიარდერის, მისი ოჯახისა და თანატოლებისგან მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ გაკვეთილებს მიიღებთ.

ლეგენდარული ინვესტორი დღესაც ომაჰაში, მოკრძალებულ სახლში ცხოვრობს, ყოველდღიურად თავად დადის ოფისში ავტომობილით თავისივე კომპანიის − Berkshire Hathaway-ის სამართავად. დოკუმენტურ ფილმში ბაფეტის მთელი ცხოვრებაა მოყვანილი − ლეგენდარული ინვესტორის ბავშვობიდან კარიერის მწვერვალებამდე, თუ როგორ გახდა ერთი ამბიციური, ციფრებზე შეყვარებული ბიჭი ნებრასკადან მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და პატივსაცემი ადამიანი.

მსგავსი სტატია: ყველაფერი ამბის თხრობაა

2. თაობის სტარტაპი (2016)

ფილმი კოლეჯის ახალ კურსდამთავრებულებზეა გადაღებული, რომლებიც 17 თვეში უნდა გახდნენ პოტენციური ანტრეპრენერები და ამიტომ დეტროიტში სტარტაპების გასაშვებად ყველაფრის მოგვარებას ცდილობენ. „თაობის სტარტაპი“ მარტივად გვიჩვენებს ე.წ. „მილენიალთა“ სტარტაპის კულტურას, ამ ახალგაზრდა ანტრეპრენერების წარმატებებსა და მარცხზე გვიამბობს, თუ როგორ ცდილობენ ისინი გახდნენ თავდაჯერებულები და გაურკვეველ პერსპექტივებს არ შეუშინდნენ.

ფილმს ამერიკული ანტრეპრენერობის ბობოქარ ცხოვრებაში გადავყავართ. იგი რისკსაც იწონებს, ქალაქის გამოცოცხლებასაც და სრულიად გულწრფელ თვალსაზრისს გვთავაზობს, თუ რა არის სინამდვილეში საჭირო სტარტაპის გასაშვებად. ფილმს მაღალი შეფასება მისცეს წარმატებულმა ანტრეპრენერებმა − არიანა ჰაფინგტონმა და დაიმონდ ჯონმა.

3. ბარტის ზუზუნი (2013)

ეს იუმორისტული, გულწრფელი და დამაჯერებელი დოკუმენტური ფილმი ბარტ შავიცის − განდეგილი მეფუტკრის ისტორიას გვიამბობს, რომელიც არცთუ დიდი ხალისით გახდა ყველაზე ცნობილი ბრენდის სახე მთელ მსოფლიოში. ფილმი პატივის მიგებაა შავიცისთვის − ადამიანისთვის, რომელიც ბრენდის Burt’s Bees-ის მიღმა დგას.

იგი საკმაოდ მომჭირნეა, კომფორტი არ უყვარს, მარტოობა მოსწონს და ტექნოლოგიების გამოყენებაზე უარს აცხადებს. ფილმის საშუალებით მაყურებლები იმასაც შეიტყობენ, თუ როგორი რთული ურთიერთობა აქვს შავიცს კომპანიის თანადამფუძნებელ როქსანა ქუიმბისთან, რომელმაც შავიცისგან ბიზნესი გამოისყიდა და მოგვიანებით სრულიად დაუჯერებელ ფასად − $177 მილიონად Clorox-ს მიჰყიდა.

4. სანაძლეოს დადება ნულზე (2017)

ამ ფილმით Herbalife-ის პრობლემებით აღსავსე ბიზნესის შუაგულში აღმოჩნდებით. ნახავთ, როგორ დასდეს ბრალი პირამიდის დიდი სქემის შექმნაში კვების პროდუქტების საერთაშორისო კომპანიას. „სანაძლეოს დადება ნულზე“ , ჰეჯ ფონდის მაგნატის, მილიარდერ ბილ აკმანისა და Herbalife-ის ყოფილი დისტრიბუტორების ურთიერთობებს ასახავს. აკმანი Herbalife-ში მცირეოდენ ინვესტიციებს იღებს და ამის გამო მდგომარეობა ისე რთულდება, მილიარდ დოლარზე სანაძლეოს დადება შეიძლება, რომ კომპანია სულ მალე გაკოტრდება.

ფილმში აკმანის დავები და შუღლიცაა განხილული Herbalife-ის აღმასრულებელ დირექტორ მაიკლ ჯონსონთან და ინვესტორ კარლ იკანთან, და ამ უთანხმოების შედეგებიც − მხარეებს შორის დაპირისპირება Herbalife-ის მოკლევადიან გეგმებთან და ასევე, ზოგადად, კომპანიის საქმიანობის მეთოდებთან დაკავშირებით.

საზოგადოებას განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდა Herbalife-ის მსგავსი მრავალდონიანი მარკეტინგული კომპანიების (MLM) მიმართ − ისინი ხან პოპულარულები იყვნენ, ხან კი მათი საქმიანობა შეშფოთებას იწვევდა. Herbalife-ის მაგალითზე სრულიად ნათლად დავინახავთ, თუ რამდენად დიდი ზეგავლენა აქვს იდეების მიმოცვლას და როგორ შეუძლია მომხრეების გახელება იმ შემთხვევაშიც კი, თუ კომპანიას ამდენი უკმაყოფილო ყოფილი თანამშრომელი ჰყავს.

მსგავსი სტატია: მუსიკის 5 გასაოცარი გავლენა გონებაზე

5. ტონი რობინსი: მე არ ვარ თქვენი გურუ (2016)

ფილმი ტონი რობინსის ცხოვრებას აღწერს სცენის მიღმა − თუ როგორ ემზადება იგი თავისი ყოველწლიური სემინარისთვის, სახელწოდებით „ბედისწერასთან შეხვედრა“, რომელსაც ბოკა რატონში, ფლორიდაში 4500-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. „ტონი რობინსი: მე არ ვარ თქვენი გურუ“ გვიჩვენებს, თუ რა უზარმაზარი ენერგიაა საჭირო ამ სემინარის ჩასატარებლად და ასევე როგორ ცვლის იგი მონაწილეების ცხოვრებას.

ეს დოკუმენტური ფილმი ტონი რობინსს − მთელ მსოფლიოში ცნობილ ინსტრუქტორს, ორატორს, ფსიქოლოგსა და ბიზნესსტრატეგს წარმოგვიდგენს; გვიამბობს, რამდენად ინტენსიურად გეგმავს იგი ყოველ სესიას, როგორ დეტალურად განიხილავს და აანალიზებს ყოველწლიურ სემინარზე ყოველ მოვლენას, რომ წარუმატებლობების მიზეზების დადგენა ზუსტად შეძლოს.

6. ფრიკონომიკები (2010)

ფილმი სტივენ ლევიტისა და სტივენ დუბნერის ბესტსელერის ადაპტაციაა. იკვლევს, როგორ გვეხმარება მეცნიერება და ეკონომიკა ადამიანის ყოველდღიური ქცევის ახსნაში. „ფრიკონომიკებში“ ღრმა ანალიზი და სასიამოვნო იუმორი ერთმანეთთანაა შერწყმული. ფილმი ოთხი განსხვავებული ნაწილისგან შედგება და თითოეულს სხვადასხვა რეჟისორი ჰყავს.

მორგან სპერლოკის სეგმენტი ბავშვების სახელებს ეძღვნება და კომიკურ-სატირული სტილისაა. ალექს გიბნი სუმოს სამყაროში გაბატონებულ კორუფციაზე გვიამბობს, ხოლო ევგენი იერეცკი 1990-იან წლებში დანაშაულის დონის მკვეთრი კლების მიზეზებს იკვლევს და მართლაც გასაოცარ, საკამათო არგუმენტებს გვთავაზობს. როგორც რეიჩელ გრეიდი, ისე ჰაიდი იუნგი იმის დადგენას ცდილობენ, სტუდენტებისთვის ფინანსური სტიმულის მიცემა გააუმჯობესებს თუ არა მათ შეფასებებს.

7. სტივ ჯობსი: ერთი უკანასკნელი რამ (2011)

შეერთებული შტატების საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი: „სტივ ჯობსი: ერთი უკანასკნელი რამ“ , პატივის მიგებაა შორსმჭვრეტელი ანტრეპრენერის, Apple-ის თანადამფუძნებელისა და აღმასრულებელი დირექტორისადმი. ჯობსი 2011 წელს გარდაიცვალა. Apple-მა მისი ხელმძღვანელობით ბევრის შეცვლა შეძლო. კერძოდ იმისა, თუ როგორ ვმუშაობთ, როგორ ვთანამშრომლობთ და როგორ ვამყარებთ ურთიერთობას ერთმანეთთან.

დოკუმენტური ფილმი იკვლევს, თუ როგორ ჩამოაყალიბა ჩვენი ცხოვრება მისმა ნიჭმა, სტილმა და წარმოსახვამ, და რა გავლენა მოახდინა თავად ამ ადამიანმა. ფილმი მაყურებელს ჯობსის კარიერას მისი განსაკუთრებული პროდუქტების პრეზენტაციების მიხედვით წარმოგვიდგენს. ეს გულისამაჩუყებელი ფილმია ადამიანის ცხოვრებაზე, რომელმაც თავისი ოცნებების ახდენით მთელი სამყარო შეცვალა.

8. კორპორაცია „საკვები“ (2008)

ეს დოკუმენტური ფილმი „ოსკარზე“ იყო წარდგენილი. ფილმი სისტემას ხდის ფარდას, რომელშიც კორუმპირებული, ფარული და დამამცირებელი მეთოდებია დამკვიდრებული, რომლის პროდუქტებიც სიმსუქნის ეპიდემიის გავრცელებას და შესაბამისად, სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების ზრდას უწყობენ ხელს. ფილმი შეერთებული შტატების კვების მრეწველობის სისუსტეებს აშიშვლებს, რომელიც მომხმარებლისგან მთავრობის მარეგულირებელი ორგანოების თანხმობით იყო დაფარული.

ფილმი დამყარებულია მოსაზრებაზე, რომ პრაქტიკულად ყველაფერს, რასაც მივირთმევთ, კორპორაციები გვაწვდიან, მათთვის კი საკუთარი მოგება მომხმარებელსა და გარემოს სიჯანსაღეზე ბევრად მნიშვნელოვანია. ეს ბადებს შეკითხვებს იმის თაობაზე, თუ რა გზას უნდა დაადგნენ კომპანიები, როდესაც მათი ფინანსური ინტერესები და მომხმარებლის კეთილდღეობა ერთმანეთს ეწინააღმდეგება.

9. ჯირო სუშიზე ოცნებობს (2011)

ჯირო ონო ტოკიოს მეტროს ერთ-ერთ სადგურთან მდებარე, მოკრძალებული 10-ადგილიანი სუშის რესტორნის მფლობელია. ფილმის გამოსვლისას 85 წლის იყო. მან ყველაფერი გააკეთა, რომ მსოფლიოს საუკეთესო შეფმზარეული გამხდარიყო. შეფასებების თანახმად, მან ეს ნამდვილად მოახერხა. მისი პაწაწინა რესტორანი Michelin-ის სამი ვარსკვლავის მფლობელია და კლიენტები თითო ულუფაში $ 300-ის გადასახდელად მზად არიან.

„ჯირო სუშიზე ოცნებობს“ უჩვენებს, რომ ყველაზე წარმატებული ბიზნესების მფლობელები უმეტესად ისინი ხდებიან, ვისაც უსაზღვროდ მოსწონს თავისი საქმე და დიდი გატაცებით აკეთებს ყველაფერს. ფილმში სრულიად აშკარად ჩანს, თუ საქმის როგორი ერთგულია, რამდენად თავდაუზოგავად მუშაობს ჯირო და როგორ ცდილობს ყოველდღიურად სრულყოფილებას მიაღწიოს.

10. Enron: ყველაზე ჭკვიანი ბიჭები ოთახში (2005)

ეს დოკუმენტური ფილმი Enron-ისა და კომპანიის აღმასრულებელი დირექტორების გასაოცარი ისტორიაა − ამერიკის ყველაზე სკანდალური კორპორაციის მართლაც შთამბეჭდავი აღზევებისა და დაცემის ისტორია.

Enron: ყველაზე ჭკვიანი ბიჭები ოთახში“ ამავე დასახელების ბესტსელერის მიხედვითაა გადაღებული და შეერთებული შტატების სიდიდით მეშვიდე კომპანიის კრახზე გვიამბობს − მისმა ხელმძღვანელობამ სრულიად უკანონოდ მიისაკუთრა მილიარდობით დოლარი, ინვესტორები აიძულა ბრძოლა დაეწყოთ, ათასობით თანამშრომელი კი დანაზოგის გარეშე დატოვა. მათ რამდენიმე საშინელი დანაშაული ჩაიდინეს, მაგრამ თითქმის ათი წლის განმავლობაში მათთვის პასუხი არავის მოუთხოვია. მიუხედავად ამისა, შეუძლებელია არ აღიარო ფაქტი, რომ ეს ბიჭები სინამდვილეში ბრწყინვალე ადამიანები და ბრწყინვალე ლიდერები იყვნენ.

More from Entrepreneur

Get heaping discounts to books you love delivered straight to your inbox. We’ll feature a different book each week and share exclusive deals you won’t find anywhere else.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Starting, buying, or growing your small business shouldn’t be hard. Guidant Financial works to make financing easy for current and aspiring small business owners by providing custom funding solutions, financing education, and more.

Latest on Entrepreneur