როგორ უნდა მოემზადოთ მიწოდების მთავარი ჯაჭვის მოშლასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემებისთვის

ჩვენ დღეს ვართ გლობალური მიწოდების ჯაჭვების ყველაზე სერიოზული პრობლემის წინაშე

Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

გლობალიზაციამ სამყარო გაცილებით პატარა გახადა, ხოლო ეს ცვლილება სასარგებლო აღმოჩნდა ყველა მოცულობისა და დარგის კომპანიებისა თუ ინდუსტრიებისთვის. გლობალური მიწოდების ჯაჭვის წყალობით, თქვენს კომპანიას ზრდის სტიმულირება შეუძლია, ხარჯების შეკვეცით, მოცულობის გაზრდით და ეფექტურობის გაუმჯობესებით.

Zee Business

მაგრამ გლობალიზაცია გარკვეულ რისკ-ფაქტორებთანაცაა დაკავშირებული. თუ თქვენი კომპანია მომწოდებელთა ქსელებზეა დამოკიდებული მთელ მსოფლიოში, თქვენი მიწოდების ჯაჭვი ყოველთვის დაუცველი იქნება, მასზე გარე ფაქტორები მოახდენენ გავლენას, რომლებიც თქვენს კონტროლს მიღმაა. როგორიცაა სტიქიური უბედურებები, ტარიფები, დეფიციტები ან გეოპოლიტიკური შეტაკებები.

მიწოდების მართვის ინსტიტუტის (ISM) მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რომელიც 22 თებერვალსა და 5 მარტს შორის პერიოდში ჩატარდა, შეერთებული შტატების კომპანიების დაახლოებით 75% მიწოდების ჯაჭვის პრობლემებს შეეჯახა COVID-19-ის გამო. თქვენ, სავარაუდოდ უკვე აშკარად ხედავთ შედეგებს, რომლებიც თქვენსავე კომპანიის თანამშრომლებზე, მასალებზე, ტრანსპორტირებაზე ან მომხმარებლის ქცევაზე ახდენს გავლენას.

ახლანდელი კრიზისი გაფრთხილებაა ბიზნესის ყველა ლიდერისთვის, რომ მსგავსი შეფერხებები მომავალშიც მოხდება, და ამიტომ მზად უნდა ვიყოთ, მოქნილი და ადაპტირებადი გეგმები უნდა გვქონდეს შედგენილი გაუთვალისწინებელი ვითარებისთვის. მე Anvyl-ის მთავარ აღმასრულებელ როდნი მანზოს და Colgate Palmolive-ის მიწოდების ჯაჭვის მთავარ მენეჯერ მაიკ კორბოს შევხვდი, რა დროსაც ერთად განვიხილეთ, თუ რა უნდა იცოდეს თითოეულმა ბიზნესლიდერმა მიწოდების ჯაჭვების მართვაზე ამ დინამიკურ გარემოში. ისინი ამ ხუთი ნაბიჯის გადადგმას გვირჩევენ ახლანდელი კრიზისის გასამკლავებლად და მომავლისათვის ჩვენი მიწოდების ჯაჭვის გასაძლიერებლად.

1. გეგმა კრიზისის დროს

სამწუხაროდ, მიწოდების ჯაჭვებს საფრთხე შეექმნებათ და ეს გარდაუვალია. რაღაც მოულოდნელი მოხდება − ვირუსი იქნება ეს, ქარიშხალი თუ დარტყმა, და ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ. გაუთვალისწინებელი დაბრკოლებების გადასალახად, ძლიერი სარეზერვო გეგმა, ან იდეალურ შემთხვევაში, რამდენიმე გეგმა დაამუშავეთ. როდესაც კრიზისი მსოფლიოს რამდენიმე რეგიონზე ახდენს გავლენას, ხშირად ძნელია წინასწარ პროგნოზირება, როდის და სად დასრულდება ის. დიდი ძვრების რამდენიმე ეტაპისთვის იყავით მზად და შეეცადეთ ერთი ნაბიჯით წინ იყოთ.

„როდესაც კორონავირუსი პირველად ჩინეთს დაატყდა თავს, მაშინვე შევძელით სწრაფი რეაგირება და ერთ დღეში გავააქტიურეთ საგანგებო გეგმა“, − ამბობს კორბო, − „ლათინური ამერიკის ქარხნებზე გასვლის შესახებ მიდიოდა მოლაპარაკებები. მათ უნდა დაეწყოთ კბილის ჯაგრისების წარმოება, რომ ევროპაში, შეერთებულ შტატებსა და ჩინეთში მიწოდებებისთვის შეგვეწყო ხელი. მაგრამ რადგან ვირუსი ევროპაში, შეერთებულ შტატებსა და მსოფლიოს სხვა ნაწილებში ვრცელდება, ჩინეთს სულ მალე მოუწევს ამ დეფიციტის შევსება. ერთი თვის წინ ჩვენ ვუჭერდით ჩინეთს მხარს, მაგრამ ახლა ჩინეთს მოუწევს სხვა ადგილების მხარდაჭერა. თქვენი მიწოდების ჯაჭვი მოქნილი გახადეთ, რომ მან კრიზისის ყოველ ახალ ეტაპს გაუძლოს“.

2. საგანგებო ვითარების სხვადასხვა დონე დაამუშავეთ

სხვადასხვა სიტუაცია სხვადასხვა პასუხს მოითხოვს. თუ თქვენი მიწოდების ჯაჭვი გლობალურია, სარეზერვო გეგმაზე იფიქრეთ − ეს იქნება გაუთვალისწინებელი სიტუაციების მთელი სერია თავისი ინტეგრირებული სათადარიგო შესაძლებლობებით. ანტიკრიზისული მართვის გუნდი შექმენით, რომელიც პრიორიტეტების შეფასებაზე, კომპრომისების აწონ-დაწონვაზე და არსებული ვითარებიდან გამომდინარე, საგანგებო ვითარების გააქტიურებაზე იქნება პასუხისმგებელი.

თუ მხოლოდ ერთი მომწოდებელი გყავთ, განსაკუთრებით ფრთხილად იყავით გაუთვალისწინებელი გარემოებების დაგეგმვისას. შეძლებთ კი საგანგებო ვითარების შემთხვევაში, დამატებითი მარაგების შენარჩუნებას ამ მომწოდებლისგან ბუფერის სახით? შეძლებთ თუ არა, ერთი წყაროს მქონე მომწოდებელს მოსთხოვოთ, რომ მან ორ სხვადასხვა ადგილას აწარმოოს პროდუქცია? თქვენი მთავარი მიზანი, სარეზერვო წყაროს არსებობა უნდა იყოს.

„ჩვენ სხვადასხვა დონე გვაქვს, რომელთა გააქტიურებაც შეგვიძლია ვითარების მიხედვით“, − ამბობს კორბო, − „თუ ჩვენს ერთ ადგილას განლაგებულ საწარმოებს საფრთხე შეექმნება, მაგალითად, პირველი დონის გაუთვალისწინებელი ვითარებისას, შესაძლოა, სხვა ადგილას გააქტიურდეს ერთი და იგივე პროდუქტის წარმოება. მაგალითად, გარკვეული გემოს კბილის პასტის. თუ ვითარება გართულდება და რამდენიმე საწარმო ცენტრი მიუწვდომელი იქნება, უკვე მეორე დონეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვაქვს წვდომა ერთსა და იმავე პროდუქტზე, მაგრამ ანალოგიური პროდუქტის მიღება შეგვიძლია სხვა ადგილიდან“.

3. განაახლეთ და მოსინჯეთ მოქმედებათა გეგმები საგანგებო ვითარებაში 

საგანგებო ვითარებისთვის შედგენილი გეგმები უბრალოდ სავარჯიშო კი არა, ცოცხალი დოკუმენტები უნდა იყოს, რომლებსაც წელიწადში რამდენჯერმე გამოცდით, შეაფასებთ და განაახლებთ. სულ მცირე, წელიწადში ერთხელ უნდა გამოსცადოთ თქვენი მოქმედების გეგმები გაუთვალისწინებელი გარემოებებისას რეალურ ცხოვრებაში, რათა დარწმუნდეთ, რომ ისინი ჯერ კიდევ სიცოცხლისუნარიანია. ყურადღება მიაქციეთ ნებისმიერ სუსტ წერტილსა და პოტენციურ პრობლემებს, და არ დაივიწყოთ მათი შემდეგ ტესტირებამდე გადაჭრა.

„წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ერთ-ერთი მასალის მთავარი მომწოდებელი რამდენიმე კვირის ან რამდენიმე თვის განმავლობაშიც კი მიუწვდომელია“, − ამბობს მანზო, − „გაქვთ თუ არა მეორე წყარო? რამდენად სწრაფად შეძლებთ ამ მომწოდებლებთან დაკავშირებას და პრობლემის მოგვარებას, რომ რაც შეიძლება ნაკლები დროით მოგიწიოთ შეყოვნება? ეს საგანგებო გეგმა თქვენი ბიზნესის ყოველი შეფასებისას, ყოველ კვარტალში ან 6 თვეში გამოსცადეთ, თქვენს მეორეულ მომწოდებელს საქონლის შეზღუდული პარტიის წარმოება და გაგზავნა სთხოვეთ გარკვეულ ბაზარზე. თქვენი მიზანი ნებისმიერი სუსტი ჯაჭვის გამოვლენა უნდა იყოს იქამდე, ვიდრე ისინი რეალურ პრობლემად გადაიქცევიან“.

4. თანამშრომლობასა და კომუნიკაციას შეუწყეთ ხელი რეალური დროის რეჟიმში

პოტენციური პრობლემების გასაკონტროლებლად და ინფორმაციის ადვილად გასაზიარებლად, ტექნოლოგიები გამოიყენეთ. ეძიეთ ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც დაუყოვნებლივ შეგიძლიათ, თქვენი მიწოდების ჯაჭვის ხილვადობის გასაუმჯობესებლად და თქვენს გუნდთან და პარტნიორებთან უკეთესი ურთიერთობის დასამყარებლად. და გაცილებით პროგრესული ტექნოლოგიების კვლევა დაიწყეთ, როგორებიცაა, ხელოვნური ინტელექტის ან საგნების ინტერნეტის გამოყენება, რათა გრძელვადიანი ინვესტიციები დააბანდოთ და თქვენი კომპანიის თანამშრომლებს ერთობლივი მუშაობის ყველა შესაძლებლობა ჰქონდეთ.

„თანამშრომლობას თქვენს ყველა დაინტერესებულ მხარესთან გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, − ამბობს მანზო, − „როდესაც მთელი თქვენი გუნდი ხედავს მიწოდების მთელ თქვენს ჯაჭვს თავიდან ბოლომდე, უკეთ მომზადებული ხართ და შესაბამისად, უკეთ შეძლებთ ტენდენციების გამოვლენას, პოტენციური პრობლემების პროგნოზირებას და გამოსავლის მოძებნას. ისეთი ინსტრუმენტები გამოიკვლიეთ, როგორებიცაა, Slack, Google Hangouts, WeChat, WhatsApp Slack, Google Hangouts, WeChat, WhatsApp და სხვა ონლაინპლატფორმები, რომლებსაც თქვენი გუნდისა და მომწოდებლების დაკავშირება შეუძლია სხვადასხვა ქვეყანასა და კონტინენტებზე კრიზისის დროს“.

5. წინ გაუსწარით მოთხოვნას

მოთხოვნის განსაზღვრა კრიზისის დროს სავარაუდოდ შეუძლებელია, და თქვენ უნდა შეძლოთ მისი მონიტორინგი და ანალიზი რეალური დროის რეჟიმში. მოთხოვნის ციკლი მიწოდების პრობლემებს აფერხებს და ამიტომ, ყურადღებით ადევნეთ თვალი მიმდინარე ტენდენციებს და მომხმარებლის ქცევას, რათა ამ ცვლილებების გათვალისწინებით, სწრაფად შეძლოთ პროდუქციის დონეების შეცვლა.

„როდესაც კორონავირუსის მსგავსი რამ ჩნდება და მომხმარებლის ქცევა იცვლება, ჩვენ ამის შესახებ რაც შეიძლება ადრე უნდა ვიცოდეთ“, − ამბობს კორბო, − „ახლა შეერთებულ შტატებში დიდი მოთხოვნაა, ადამიანები ყველაფერს ყიდულობენ და აუცილებლად ორს: კბილის პასტას, თხევად საპონს ხელისთვის. ყველა მსხვილმა საცალო მოვაჭრემ ამ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე განაცხადა, რომ კვირის მარაგების გაზრდა სურდათ. ეს მიწოდების მთელ ჯაჭვზე მოახდენს გავლენას. ჩვენ ჯერ კიდევ სხვა პრობლემების მოგვარებას ვცდილობთ და ამ დროს, უეცრად ირკვევა, რომ დამატებითი მოთხოვნებიც უნდა შევასრულოთ, და ეს იმდენად დიდი მოთხოვნებია, რომ საერთოდ არ ველოდით. საკმაოდ მოხერხებული უნდა იყოთ, რომ შეცვლა შეძლოთ, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ფიქრობთ, რომ ყველაფერი მოგვარებულია.

ჯანდაცვის ახლანდელი კრიზისი გრძელდება, და მისი გავლენის მთლიანი მასშტაბები ჯერ კიდევ უცნობია. მაგრამ თქვენი მიწოდების ჯაჭვის გასაძლიერებლად ნაბიჯების გადადგმა შეგიძლიათ და საგანაგებო გეგმის შემუშავებაც გაუთვალისწინებელი გარემოებების შემთხვევაში, რათა თქვენი კომპანიის დაცვა შეძლოთ სხვა სერიოზული კატასტროფებისგან, და შემდეგი კრიზისისთვის მოემზადოთ.