ყველაზე წარატებული ადამიანების ჩვევები - დრიუ ბერიმორი

მსახიობი და ანტრეპრენერი დრიუ ბერიმორი მართალია ადრინდელზე გაცილებით მეტადაა დატვირთული, მაგრამ სხვაგვარად არც იქნებოდა
ყველაზე წარატებული ადამიანების ჩვევები - დრიუ ბერიმორი
ფოტო: Entrepreneur

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
8 min read
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ყოველთვის რაღაც უფრო მეტია გასაკეთებელი, მაგრამ დრო არასოდეს არის. ჩვენ რამდენიმე უზომოდ დაკავებულ ანტრეპრენერს ვკითხეთ, თუ როგორ ახერხებდნენ ისინი ყველაფრის მოსწრებას. პასუხი? უნივერსალური ფორმულა არ არსებობს, თქვენ თვითონ უნდა შექმნათ სისტემები, რომლებიც თქვენთვის იმუშავებს.

მსახიობი და ანტრეპრენერი ცხოვრების სტილის წარმატებულ ბრენდსა და საპროდიუსერო კომპანიას მართავს და ამასთან ერთად, პანდემიის შუა პერიოდიდან ყოველდღიური თოქშოუც აქვს. როგორ ახერხებს ამ ყველაფერს, როგორ გამოსდის ყველაფერი? ის ამ შეკითხვაზე გაგცემთ პასუხს.

დრიუ ბერიმორი არ არის დარწმუნებული, რომ მისი ადგილი ამ ჟურნალშია. „ანტრეპრენერობის ძალიან დიდი სურვილი მაქვს, მაგრამ ანტრეპრენერად არ ვგრძნობ თავს“, − ამბობს იგი, − „სავარაუდოდ, ასეთმა ადამიანმა სისულელეებს თავი უნდა დაანებოს და ყველაფერი მოაწესრიგოს. ამ ჟურნალის სახელი „ადამიანური ფობიები“ რომ ყოფილიყო, მაშინ კი იდეალური იქნებოდა ჩემთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ვინმე ცდილობს ყველანაირად რაღაცის გაკეთებას, ეს მე ვარ“.

მაგრამ მას სირთულეების დაძლევის მარტივი მექანიზმის, ერთი ჩვევის შემოთავაზება შეუძლია, რომელიც ახლახან შეიძინა. ეს ჩვევა კონცენტრირებაში დაეხმარა მთელი წლის განმავლობაში, რომელიც საკუთარი თავის ხელახლა აღმოჩენაში გაატარა. ყველაფერს იხსენებს, რასაც მიაღწია, იმაზე არ აქვს გამახვილებული ყურადღება, რაც ვერ შეძლო. „როგორც წესი, ჩვენი საქმეების ინვენტარიზაციას არ ვაკეთებთ, ის ძალიან ჰგავს ყოველდღიურად გასაკეთებელ საქმეთა სიას“, − ამბობს იგი, − „გარკვეულ პერიოდში ერთხელ მაინც უნდა შეადგინოთ სია, რომლის სახელიც იქნება „მე ეს გავაკეთე“.

ამ ვარჯიშის წყალობით, გაცილებით ნაკლებად ღელავდა და უიმედოდაც უფრო ნაკლებად გრძნობდა თავს. მართალია, მხოლოდ წამების განმავლობაში, მაგრამ მაინც.

ბერიმორი ორი სამყაროს შეთავსებას ცდილობს ერთმანეთთან − კინოსა და ცხოვრების წესის პროდუქტების. მის გუნდებს 2020 წლის მოვლენებმა მისცა სამომხმარებლო პროდუქციის ბრენდის განვითარების საშუალება, იმ დროს, როდესაც მყიდველები პროდუქტს არ ყიდულობდნენ. ამასთან ერთად, ყოველდღიური თოქ-შოუს წაყვანის საშუალებაც მაშინ, როდესაც ცოცხალი აუდიტორია არ ჰყავდა.

ბერიმორს უჭირს ანტრეპრენერობა დაარქვას რომელიღაც საქმიანობას, თუმცა სინამდვილეში ანტრეპრენერებს შორის სულაც არ არის იშვიათობა რომელიღაც მათგანი. თავისუფალი დროის შემცირებასთან ერთად, პასუხისმგებლობები იზრდება. ზემოქმედება მეტია, რათა თითოეულზე ნაკლები კონცენტრირებით უფრო მეტის გაკეთება შეძლო. „ანტრეპრენერის“ ტიტული შესაძლოა შორეული მიზანი იყოს − რაღაც, რაზეც პრეტენზია მაშინ უნდა გქონდეს, როდესაც ყველაფერი დანარჩენი ერთმანეთთან იქნება შეთანხმებული.

მაგრამ ანტრეპრენერობა თავისი არსით ჩახლართული საქმეა. საკუთარი თავისთვის სხვების სტანდარტის მორგება არასოდეს ყოფილა წარმატების რეცეპტი. „ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჩემ მიმართ მზრუნველობას იჩენენ ადამიანები, რომლებიც მეუბნებიან, რომ ყველაფერი ერთმანეთთან უნდა შევათავსო“, − ამბობს ბერიმორი, − „იმ ადამიანებს, რომლებიც ასე ბევრ წყალს სვამენ და მედიტირებენ, ვეუბნები: წადით, რაა! ერთი თქვენც მოგცლიათ! მე ერთი წინდაუხედავი ადამიანი ვარ, ცვალებადი და არაპროგნოზირებადი ცხოვრება მაქვს, არასდროს ვეტყვი სხვებს, რომ ჩემთვის უკვე ყველაფერი ნათელია. იმ ადამიანების კლუბში ვარ, რომელიც საუკეთესო შემთხვევაში, ამ ქაოსსაც კი იუმორით შეხედავს“.

ბერიმორის კარიერა საზოგადოების თვალწინ დაიწყო, 1982 წელს. 7 წლის იყო, როდესაც ეკრანზე გამოჩნდა, ფილმით „უცხოპლანეტელი“. რეჟისორმა სტივენ სპილბერგმა (რომელიც მისი ნათლიაცაა) ისეთი რამ უთხრა, რომ დღემდე ამ სიტყვების მიხედვით ცხოვრობს: „ნუ გაიყიდები“. „ამ სიტყვებმა მთელ ჩემს ცხოვრებაზე მოახდინა გავლენა“, − ამბობს ბერიმორი, − „მან მითხრა, რომ ჩემი შეხედულება უნდა მქონოდა მომავალზე და ნებისმიერ შეთავაზებაზე არ დავთანხმებულიყავი“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საფრთხის წინაშე ნუ დააყენებ იმას, რაც მნიშვნელოვანია. იმას მოჰკიდე ხელი, რისიც გჯერა.

ბერიმორს გამორჩეული სამსახიობო კარიერა აქვს, მრავალი ჯილდო მოუპოვებია დამსახურებულად და ამერიკელთა ერთ-ერთი უსაყვარლესი მსახიობის ტიტულის მფლობელიც კი გახლავთ. მან თავისი პროფესიული სამყარო უფრო მეტად განავითარა, პროდიუსერიც გახდა, და პროდუქტის შექმნაზეც დაიწყო მუშაობა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, სპილბერგის სიტყვები ეხმარებოდა იმის განსაზღვრაში, თუ როგორ გამოეყენებინა უკეთ დრო. როდესაც იცით, რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, გადაწყვეტილებების მიღება უფრო ადვილი ხდება, ინფრასტრუქტურის მშენებლობა კი აუცილებელია. „აქ სულაც არ არის დიდი სივრცე და ზუსტად ვიცი, როდის ვზარმაცობ სამსახურში, რათა ოჯახისთვის გამოვყო დრო, ან როდის ვკარგავ შინ დროს, რათა სამსახურისთვის რაიმე გავაკეთო“, − ამბობს ორი გოგონას დედა, − „მართალია დრო უფრო ნაკლებია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ნაკლები უნდა გააკეთოთ. უფრო ჭკვიანი, უფრო დაუღალავი უნდა გახდეთ და გაცილებით მეტად უბიძგოთ საკუთარ თავს“.

ეს განწყობა დაეხმარა მას 1995 წელს, როდესაც პირველად შედგა ფეხი ბიზნესის სამყაროში. სიკეთის კეთება გახდა ის თვისება, რომლის გამო ის არანაირ კომპრომისზე არ წავიდოდა: ნებისმიერი, ვინც მის გვერდით იმუშავებდა, უზომოდ კეთილი უნდა ყოფილიყო. მან ახლო მეგობარ ნენსი ჯუვონენთან ერთად დააფუძნა საპროდიუსერო კომპანია, სახელწოდებით Flower Films. კიდევ ორი ადამიანი დაიქირავა და იმდენად კარგად გაართვეს საქმეს თავი, რომ 20 წელიწადზე მეტი დრო გავიდა და დღესაც თანაპრეზიდენტები არიან. ერთ-ერთი მათგანი ბერიმორის ცხოვრების წესის ბრენდის პრეზიდენტის მოვალეობასაც კი ასრულებს. იგი ამ ურთიერთობებს მიაწერს Flower Films-ის წარმატებებს. მათ შორის შემდეგი ფილმებიცაა: „უკოცნელი“, „ჩარლის ანგელოზები“ და „50 პირველი შეხვედრა“.

„მარტო ვერასოდეს შეძლებთ ბიზნესის მართვას“, − ამბობს ბერიმორი, − „მარტო ვერაფერსაც ვერ შეძლებთ. ადამიანების შესანიშნავ გუნდთან ერთად კი, ბევრად მეტს გააკეთებთ. კარგი ბიზნესი სწორი პარტნიორების შერჩევაა“.

სწორი პარტნიორები ბიზნესის ზრდა-განვითარებაშიც დაგეხმარებიან და იმის დადგენაშიც, როდის არის შეჩერების დრო. ბერიმორმა ერთიც მოახერხა და მეორეც. ის ექვსი წლის განმავლობაში იყო Cover Girl-ის სახე (ამასთან ერთად, სპილბერგის სიტყვების წყალობით, თავისი კამპანიების თანაშემოქმედებითი დირექტორიც). მას კოსმეტიკური ბრენდის ინკუბატორმა, Maesa-მ მიმართა წინადადებით, საკუთარი პროდუქციის ხაზი შეექმნა. ბერიმორი ამ შესაძლებლობამ განაცვიფრა, მიხვდა, რომ იმ სივრცის ნაწილი ხდებოდა, რომელიც ასე მოსწონდა.

მან Maesa-ს და მისი საცალო პარტნიორის, Walmart-ის თანამშრომლების გასაცნობად გამოყო დრო და დაასკვნა, რომ მათ „მართლაც შესანიშნავი განზრახვები ჰქონდათ და რაღაც განსხვავებულის კეთებას ცდილობდნენ“. Flower Beauty 2013 წელს გამოჩნდა − ეს ხელმისაწვდომი, ელეგანტური მაკიაჟის პროდუქტების კოლექცია იყო, რომელსაც ცხოველებზე არ ცდიდნენ. მას ამ სფეროს 30-ზე მეტი ჯილდო აქვს მოპოვებული. ეს პირველი მცდელობა იყო ბიზნესში, რომელშიც მრავალი კატეგორიაა და რომელშიც ახლა სათვალეებიცაა, ავეჯიც და თმის ვარცხნილობის ინსტრუმენტებიც. ყოველი მათგანი Flower Films-ის ბრენდის ქოლგის ქვეშაა მოქცეული. ამ გაზაფხულზე ბერიმორი ახალ ხაზს − სამზარეულოს მცირე ტექნიკასაც გაუშვებს.

ბერიმორს დიდი იმედი ჰქონდა, მაგრამ რასაც ხელი მოჰკიდა, ყოველთვის ისე კარგად არ გამოსვლია ყველაფერი, როგორც ფიქრობდა. 2017 წელს Amazon-ისთვის შექმნილმა კაფსულა-კოლექციამ (აუცილებელი ტანსაცმელი) სახელად Dear Drew, დიდი მოწონება დაიმსახურა, მაგრამ მისგან იმაზე მეტს მოითხოვდა, ვიდრე შეეძლო. მისი თქმით, ტანსაცმელი ძალიან რთული კატეგორია იყო. „ამ სფეროში წარმატების მიღწევა რომ შეძლო, ყველაფერი დანარჩენის ხარჯზე უნდა გააკეთო. ვამაყობ იმით, რაც გავაკეთეთ, და საბოლოოდ, კიდევ უფრო შორს წავედით“, − ამბობს იგი.

„თუ რაიმე არ გამოგივათ, ნუ იდარდებთ. ეს იმას ნიშნავს, რომ სადღაც სხვაგან შეძლებთ იმის გამოყენებას, რაც ისწავლეთ“.

სულ მალე სწავლის სხვა შესაძლებლობა გამოუჩნდა, რომელმაც ისე შეუწყო ხელი, რომ საერთოდ არ ელოდა.

ბერიმორმა 2019 წელს მოაწერა ხელი კონტრაქტს CBS Television-თან, დღის შოუს წაყვანაზე, სახელწოდებით The Drew Barrymore Show, რომელიც 2020 წელს უნდა დაწყებულიყო. „თუ გვიან ღამით უყურებთ გადაცემებს, სიცილით დაგეძინებათ, მაგრამ მე ასე მსურდა დღის დაწყება“, − ამბობს ის, − „მოდით, ახალი ცხოვრება დავიწყოთ“.

დაიწყეს თუ არა გადაცემის დაგეგმვა, COVID-19-მა მთელი სამყარო შეაჩერა და მისი გუნდი იძულებული გახდა სასწრაფოდ ახალი შოუს შექმნაზე დაეწყო მუშაობა. სტუდიაში აუდიტორიის ნაცვლად, ვიდეოგალერეის კედელზე ცოცხალი მაყურებლის ვირტუალური კოლექცია იქნებოდა ნაჩვენები, რომლებიც მყუდროდ იყვნენ მოკალათებულნი საკუთარ სახლებში. სტუმრები შორს იქნებოდნენ ბერიმორის ან კამერონ დიასისგან (მისი პარტნიორი „ჩარლის ანგელოზებში“), ტელეპორტირება ჰოლოგრამით მოხდებოდა. ბერიმორს ცოცხალი აუდიტორიისთვის განსაზღვრული ერთსაათიანი გადაცემა უნდა წაეყვანა, მათ გარეშე.

„გამიმართლა, რომ ბოლო შვიდი წელი Instagram-ზე ჩატებში გავატარე“, − ამბობს ბერიმორი, რომელსაც პლატფორმაზე თითქმის 14 მილიონი მიმდევარი ჰყავს, − „სტუდიაში ისეთი სიჩუმე დგას, უბრალოდ აუტანელია. ნამდვილად მოვკვდებოდი, ჩვენს გუნდს პერიოდულად კაკაფონია რომ არ აეტეხა“.

ბერიმორმა ძველი ჩვევა გაიხსენა ყველაფრის გასაკეთებლად, რაც მასზე იყო დამოკიდებული. იმის დაფასებაც დაიწყო, რასაც მიაღწია და აღარც იმას იხსენებდა, რაც ვერ შეძლო. არის თუ არა მისი შოუ იმაზე დიდი გამოწვევა, რასაც ელოდა? − ნამდვილად არის. მაგრამ პანდემიამ ისეთი გარემო შექმნა, რომელიც თავისთავად მოითხოვდა ინოვაციებს. ეს აძლევს მას საშუალებას სულელური, მხიარული, კომიკური შოუს შესაქმნელად, რომელზეც თავიდანვე ფიქრობდა.

მაყურებლებს ერთი სული აქვთ, როდის დაინახავენ, როგორი ენთუზიაზმით ესაუბრება ბერიმორი თავის ვირტუალურ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს. ან Drew's News-ის სეგმენტზე როდის გადახედავენ სხვადასხვა განცხადებას, ღვინის მისაწოდებელი ზურგჩანთის შექმნით დაწყებული და სენდვიჩ-ორცხობილების ახალი კოლექციით დამთავრებული 7-Eleven-ისთვის. ეს ყველაფერი ისეთივე გასაოცარია, როგორიც დრო, რომელშიც ვცხოვრობთ. ბერიმორის პაროდიაც გამოჩნდა, მეტისმეტად ემოციური და მზრუნველი, ცოტა არ იყოს გაუწონასწორებელი წამყვანი და ბოსი პირდაპირ ეთერში. მას ნამდვილად მოეწონა ეს პაროდია.

„არ აქვს მნიშვნელობა, რას გავაკეთებდი პანდემიამდე. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს შოუ ჩვეულებრივი დღის შოუ იქნებოდა“, − ამბობს იგი, − „ამიტომ, დასაფასებელია, რომ ისე დავიწყე შოუ, მაყურებლის მხრიდან ცოცხალი გამოხმაურებები თითქმის არ მქონია. ჩემთვის იმის ცრუ გარანტიაც არავის მოუცია, რომ ყველაფერი სასაცილო და ძალიან სასიამოვნო იქნებოდა. ამან გახადა ეს შოუ კიდევ უფრო უკეთესი და განსხვავებული“.

ბერიმორს ცხოვრების შეცვლა მოუწია ახალი მოთხოვნების შესაბამისად. თუმცა, დილით ახლაც უწინდებურად ადრიანად დგება, ვარჯიშობს, რათა გონებრივად მოემზადოს ახალი დღისთვის, შემდეგ კი, როგორც თვითონ ამბობს, გარეთ გადის „ცუნამისთან შესახვედრად“.

მაგრამ იცის, რომ ცუნამის მთლიანად მოთვინიერება შეუძლებელია. ამას ყოველთვის ვერ შეძლებს. როდესაც ახალგაზრდა მსახიობი იყო, ამის გაგება უჭირდა. ახლა უკვე ბევრი ბიზნესის მფლობელია, და ისწავლა, რომ მეტის გაკეთება მეტის მიღწევას სულაც არ ნიშნავს.

„დასვენება და ძალების აღდგენა აუცილებელია, და ამ საკითხში ნამდვილი ფანატიკოსი ვარ“, − ამბობს ის, − „მე მშობელი ვარ და თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ, როდესაც ვამბობ, რომ ჩემი ტელეფონი მთელი დღის განმავლობაში გათიშულია, რათა ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად შევძლო ყოფნა. არც მაშინ ვგრძნობ თავს დამნაშავედ, როდესაც საჭმელს ვუკვეთავ და ტელევიზორს ვუყურებ. ეს არც გონებრივი შრომაა და არც ფიზიკური − უბრალოდ ის არის, რაც ზოგჯერ მჭირდება“.

მთელმა მსოფლიომ სხვადასხვა შეგრძნებით შეაბიჯა 2021 წელში − შიში იყო ეს თუ ოპტიმიზმი და რეალური იმედი. ბერიმორს მთელი ყურადღება იმაზე აქვს გამახვილებული, ამავე წუთას ყველაფერი საუკეთესოდ გააკეთოს. ის მთლიანად დამუხტულია და მუშაობს, რომ მისმა ოჯახმა, გუნდმა, აუდიტორიამ და მომხმარებლებმა ბედნიერად იგრძნონ თავი. „ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ზაზუნა ვარ სარბენ ბორბალზე, რომელიც ტრიალებს და იწვის“, − აღიარებს იგი, − „მაგრამ, იქნებ ანტრეპრენერობა მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ადამიანი ხარ, რომელიც გზას აგრძელებს“.

Latest on Entrepreneur