📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ბიზნესშიც და სპორტშიც: დამარცხებას გამარჯვებასთან მიჰყავხარ "მე დავიქირავე ადამიანები, რომლებთანაც შეიძლებოდა დავმარცხებულიყავი"

By Jason Feifer

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

რით არ „ბომბავდნენ" მარია შარაპოვას, როდესაც ჩოგბურთის მსოფლიო ვარსკვლავი იყო − ფიტნესის ახალი გაჯეტები იქნებოდა, ტრეკერები, მონიტორები თუ კიდევ ათასი სხვა. „საცდელი ზღვის გოჭივით ვიყავი", – ამბობს იგი. მან ეს უპირატესობა გამოიყენა და მაქსიმალურად მეტის გაკეთება სცადა. თამაშს 2020 წლის თებერვალში დაანება თავი, პერსპექტიული სტარტაპებისთვის დახმარების გაწევა სურდა, რომ მათ ამ ინსტრუმენტების შემდგომ თაობაზე დაეწყოთ მუშაობა. ეს სამუშაოები ძირითადად Zoom-ით დაიწყო, პანდემიის გამო. „მე კომპიუტერის წინ ვიჯექი და ვცდილობდი, რაც შეიძლება მეტ დამფუძნებელს შევხვედროდი", – ამბობს ის, – „მათი ისტორიების მოსმენაც მინდოდა, მათ გამოგონებებზე მეტის გაგებაც და იმის დადგენაც, თუ როგორ და რაში შემეძლო დახმარება".

იგი ფიტნესსამყაროსაც ახლოს იცნობდა და ბრენდის შექმნის გამოცდილებაც ჰქონდა, პრემიუმტკბილეულის კომპანია Sugarpova-ს სახით, მაგრამ როგორც ინვესტორსა და სტრატეგიულ მრჩეველს, ნაკლები გამოცდილება ჰქონდა, რაც ცოტა არ იყოს აფიქრებდა. თუმცა, ჩოგბურთმა ბოლოსდაბოლოს ასწავლა, რომ მართალია მომზადება მნიშვნელოვანია, მაგრამ ზოგიერთი რამის სწავლა მხოლოდ პრაქტიკით შეიძლება.

„ვფიქრობ, სრულიად ნორმალურია და აბსოლუტურად ადამიანური, შენი ძლიერი და სუსტი მხარეები იცოდე", – ამბობს იგი, – „შეკითხვები დასვით და დარწმუნდით, რომ ნამდვილად არ იცით ყველაფერი". დღეს მის პორტფოლიოშია: Bala (ამ კომპანიაში ინვესტირება Shark Tank-ზე გადაწყვიტა, რომელსაც სტუმრის სტატუსით ესწრებოდა), Tonal, The Skills, Naked Retail და Therabody. შარაპოვა იმაზე მსჯელობს, თუ რა ძალა აქვს განსაცდელებს და რა სურს სინამდვილეში მისნაირ ინვესტორს.

ანტრეპრენერები ხშირად თავად აყენებენ საკუთარ თავს ისეთ სიტუაციებში, რომლებშიც არც გამოცდილება აქვთ, არც ოსტატობა, და ახლა თქვენც ამას აკეთებთ. როგორი იყო ეს გარდამავალი პერიოდი?
როდესაც ჩოგბურთს ვთამაშობდი, მაშინ მიჩნდებოდა რაღაც ახლის სწავლის იდეა − საკუთარი თავის გამოწვევის სურვილი, საკუთარი თავის მწვერვალზე წარმოდგენა სტრესების დროს, როდესაც ჩემს შესაძლებლობებს საუკეთესოდ ვავლენდი. თქვენ უნდა მიხვდეთ ამას. თქვენ უნდა ეცადოთ, რაც შეიძლება მეტი ისწავლოთ და ღრუბელივით შეიწოვთ ყველაფერს. მე სპორტმა მასწავლა, როგორ უნდა გავუმკლავდე ასეთ სიტუაციებს.

ამიტომ, დიდი გადასვლისას სპორტიდან ბიზნესში, ნამდვილად მსიამოვნებდა იმის ცოდნა, რომ ამ საქმეში შესანიშნავი არ ვიყავი. თავისუფალი დრო გამომიჩნდა თუ არა, როდესაც წელიწადნახევარი არ ვთამაშობდი, რამდენიმე კურსი გავიარე ჰარვარდის ბიზნესსკოლაში და უნდა ვთქვა, რომ ჩემს ცხოვრებაში ასე ძალიან არასოდეს შემშინებია. ხელის აწევისა და შეკითხვის დასმის მეშინოდა, რადგან ბევრ შეკითხვაზე არ ვიცოდი პასუხი. მაგრამ შევეგუე იმას, რომ ყველაზე ჭკვიანი არ ვიყავი და მაშინვე ვიგრძენი, თუ როგორ უზომოდ მახარებდა ფაქტი, რომ ვსწავლობდი და ვიზრდებოდი.

თქვენი პასუხი ეჭვქვეშ აყენებს ჩემი შეკითხვის ერთ ვარაუდს. მეგონა, ჩოგბურთი იყო სივრცე, რომელსაც თქვენ დაეუფლეთ, მაგრამ თქვენთვის ის განუწყვეტელი გამოცდების ადგილია, სადაც აღმოაჩინეთ, რომ გაურკვევლობის მომენტებში აღწევთ წარმატებას. საკუთარ თავზე ეს უნდა იცოდე, ეს უზომოდ მნიშვნელოვანია.
ნამდვილად ასეა. როდესაც თამაშიდან გავდიოდი, ბევრი მეგობარი მეუბნებოდა: „შენ საკუთარ ბიზნესში უფრო დიდ წარმატებას მიაღწევ, ვიდრე შენს სპორტში". და მე შეკითხვით ვუპასუხებდი: „რა იცი?" 25 წელიწადი დამჭირდა, რომ სპორტის ერთ სახეობაში ამ დონისათვის მიმეღწია. ამ წლების განმავლობაში, უმეტესად უკანა კორტებზე ვვარჯიშობდი, სადაც არავინ მხედავდა, სადაც არაერთხელ ვიწვნიე მარცხი, და უბრალოდ, ვცდილობდი სხვადასხვა მეთოდით მეპოვა გზა სხვადასხვა ადამიანთან და სხვადასხვა მწვრთნელთან ერთად. ეს არის ერთადერთი გზა წარმატების მისაღწევად.

ამიტომ, როდესაც ამ ახალ თავს ვიწყებ, შეკითხვები მიჩნდება, რომლებსაც თვითონ უნდა ვუპასუხო. ვარ თუ არა რეალისტი? მინდა თუ არა, რომ ამაში მივიღო მონაწილეობა? მაგრამ ფაქტია, რომ მაინტერესებს და მინდა მეტი ვიცოდე. მომწონს გაურკვევლობის ეს გრძნობა.

როდესაც ადამიანები ერთი კარიერიდან მეორეში გადადიან, როგორც წესი, ისეთ უნარებს აღმოაჩენენ საკუთარ თავში, რომლებზეც ადრე წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ. თქვენ ხომ არ აღმოგიჩენიათ რაიმე სხვა, მაგალითად, თუნდაც ფოკუსირება იყოს, რასაც ათლეტიკა მოითხოვს?
ეს საინტერესო საკითხია. როდესაც ჩოგბურთის კორტის კარი გავაღე და შევედი, ჩემს ზონაში ვიყავი. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი კარგი ან ცუდი რამ მოხდა ჩემს თავს ან ჩემ ირგვლივ, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად წარმატებული და რამდენად დათრგუნვილი ვიყავი − ყველაფერი გამომდიოდა და მხოლოდ ბურთზე უნდა მქონოდა მთელი ყურადღება გამახვილებული ჩემს გუნდთან ერთად.

ახლა მსგავსი არაფერია. ამიტომ, საკუთარ თავს დროს ვაძლევ − ეს გარეთ გასვლა იქნება და ბუნებაში ყოფნა, თუ ერთი საათის დახარჯვა რაიმე საქმის გასაკეთებლად. ეს იმისთვის, რომ საკუთარ თავს ჩემი გატაცების, მისწრაფებისა და კონცენტრაციის შესახებ შევახსენო. ეს აზროვნებას ცვლის, და ეს აზროვნება თან მიმაქვს შეხვედრებზე, უფრო ნათლად ვაზროვნებ. თუ ინვესტორს ვურეკავ, კეთილი ვარ, მაგრამ მკაცრი! − ეს ბიზნესია და თქვენ აქ ინვესტიციის მისაღებად ხართ.

25 წელიწადი დამჭირდა, რომ სპორტის ერთ სახეობაში ამ დონისათვის მიმეღწია. არაერთხელ ვიწვნიე მარცხი, უბრალოდ, ვცდილობდი სხვადასხვა მეთოდით მეპოვა გზა სხვადასხვა ადამიანთან და სხვადასხვა მწვრთნელთან ერთად. ეს არის ერთადერთი გზა წარმატების მისაღწევად.

თქვენ ინვესტორებს იმ დამფუძნებლებთან ერთად ხვდებით, რომლებთანაც მუშაობთ, მაგრამ ამავე დროს, თქვენც ინვესტორი ხართ. მოდით, ამას ორი მხრიდან შევხედოთ. უპირველესად, როდესაც დამფუძნებლებთან პრეზენტაციებზე მიდიხართ, რამ შეიძლება, თქვენი აზრით, ვითარება შეცვალოს?
თუნდაც ფანტასტიკური პრეზენტაცია გქონდეთ, შესანიშნავი ფინანსური მაჩვენებლები, და საუკეთესო იყოთ ქაღალდზე, ინვესტორებმა იციან, რომ თქვენთან ყველაფერი იდეალურად არ იქნება. როდესაც სატელეფონო საუბრები მქონდა დამფუძნებლებთან, ისინი ხშირად გულახდილად საუბრობდნენ თავიანთი ნაკლოვანებებისა და ზოგიერთი იმ თვისების შესახებ, რომლებიც მათ არ აქვთ. და ეს თითქმის ისე იყო, თითქოს ისინი ინვესტორების დავალებას ასრულებდნენ. ნდობა თავიდან ასე ყალიბდება. ეს, ნებისმიერ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, როგორც პირადი, ისე პროფესიული თვალსაზრისით.

ეს უდიდეს რწმენას მოითხოვს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ საკუთარ სისუსტეებს ერთად გამოიყენებთ, რეალურად, ეს შესაძლოა უპირატესობად იქცეს.
ვფიქრობ, ყველაფერი ერთად უნდა იყოს საჭირო დოზით. თუ თქვენი კომპანია განსაკუთრებით ძლიერია, შეგიძლიათ ინვესტორებს პირადი ისტორიები გაუზიაროთ პრობლემების შესახებ. ასე შეძლებთ უფრო სასიამოვნო და უფრო ადამიანური იყოთ.

მე ძალიან კარგად მესმის, რას ნიშნავს დამარცხება ან გამარჯვება, და ის განცდები, რომელიც თითოეულს ახლავს. მე ამას ასობით და ათასობით მაყურებლის წინ ვაკეთებ და სიმართლეს თვალებში უნდა ჩავხედო − ტრიბუნაზე უნდა ავიდე და ვთქვა: „დღეს მძიმე დღე იყო. და აი, ეს მოხდა და ამის გაკეთებას ვაპირებ ამის დასაძლევად". არის რაღაც ფასეული საკუთარი გზის სხვისთვის გაზიარებაში.

რა არის თქვენთვის საინტერესო, როდესაც ანტრეპრენერები პრეზენტაციას აკეთებენ თქვენგან ინვესტიციის მისაღებად ან პარტნიორობისათვის?
და რა არ არის საინტერესო? ვგრძნობ, რომ პრეზენტაციები სულ უფრო და უფრო გრძელი ხდება. ზოგჯერ მე-15 გვერდზე ვარ და არც კი ვიცი, რა ტიპის ბიზნესზეა საუბარი! სასურველია, პრეზენტაცია ნათელი, მკაფიო და მოკლე იყო. ამასთან ერთად, სხვისი ადამიანური ისტორიების მოსმენაც მიყვარს. ბიზნესით ნუ დაიწყებთ, რადგან როდესაც პრობლემები გამოჩნდება, და ისინი აუცილებლად იქნება, მთავარი ბიზნესი კი არა, ის ადამიანი იქნება, ვინც მას მართავს.

ჩემს სპორტში ისეთი ადამიანები დავიქირავე, რომლებთანაც შესაძლოა დავმარცხებულიყავი და სრულიად კომფორტულად ვიგრძნობდი თავს, თუ დავმარცხდებოდი, რადგან ისინი ყველაზე უკეთ დამიჭერდნენ მხარს. იცით, რას ვგულისხმობ? − მათ მძიმედ გადაიტანეს დამარცხება და სერიოზულად უნდა შეხედონ ამას, რადგან კონკურენტუნარიანები უნდა გახდნენ. მაგრამ თუ ამ ადამიანებთან ერთად გსურთ ყოფნა დამარცხების დროს, მაშინ დარწმუნებული ვარ, გამარჯვების აღნიშვნასაც შეძლებთ.

ამის მოსმენა ძალიან სასიამოვნოა, რადგან სავარაუდოდ, თუ ვინმეს შეზღუდული დრო აქვს თქვენნაირ ადამიანთან პრეზენტაციის ჩასატარებლად, შეიძლება იფიქროს: კარგი, მას მე არ ვაინტერესებ. მას მხოლოდ შესაძლებლობა აინტერესებს, ასე რომ, პირდაპირ საქმეზე გადავალ. მაგრამ თქვენ ამბობთ, რომ ეს შეცდომაა.
დიახ, ნამდვილად ასეა. საქმე მხოლოდ ბიზნესს ან დოლარებს არ ეხება.

Jason Feifer

Entrepreneur Staff

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი