Apple-ს OLED iPad-ის შექმნაში Samsung-ი ეხმარება

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Apple ახალი OLED iPad-ის წარმოებას Samsung-ის მიერ შექმნილი OLED-დისპლეის გამოყენებით 2024 წლიდან გეგმავს. TheElec-ის უკანასკნელი ინფორმაციით, კორეული ტექნოლოგიური გიგანტი, Apple-ის iPad-ისთვის საჭირო OLED-პანელებზე მუშაობას მიმდინარე წლიდან შეუდგება. აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, თანამშრომლობის დასაწყებად და პროექტის ფინანსური მომგებიანობისათვის, Apple-ს კორეული კომპანიისათვის საკმაოდ მსხვილი შეკვეთის მიცემა მოუწევს.

entrepreneur.ge

TheElec-ის გასული წლების ანგარიშების მიხედვით, 10,86-დუიმიანი OLED iPad-ის შექმნაზე ორივე ტექნოლოგიური გიგანტი აქამდეც მუშაობდა. ეს iPad OLED-დისპლეით აღჭურვილი პირველი ტაბლეტი იქნებოდა ამერიკული ბრენდისგან, რომლის წარმოება 2022-ში უნდა დაწყებულიყო, თუმცა ამ ტექნოლოგიის სიძვირის გამო, ამჟამად OLED მხოლოდ Apple Watch-ში და iPhone-ში გამოიყენება.

ამ ორი კომპანიის წინა პროექტი ტექნიკური უთანხმოების გამო ჩაიშალა. Apple-ს სურდა მის მოწყობილობაში გამოყენებულ OLED-პანელს ორფენიანი ტანდემური სტრუქტურა ჰქონოდა, რაც გულისხმობს წითელი, მწვანე და ლურჯი ფენების წყვილთა გაერთიანებას და შესაბამისად, გაორმაგებულ დისპლეის განათებასა და სიკაშკაშეს, და გაოთხმაგებულ პანელის მოხმარების ხანგრძლივობას. Samsung კი, ამერიკულ კომპანიას OLED-ის მოძველებულ, ე.წ. ერთიან ემისიურ შრეს სთავაზობდა.

ამ პროექტის რენტაბელურობა პრობლემას წარმოადგენდა Samsung-ისთვის, ვინაიდან ახალი პროდუქტის გამოსაშვებად, მათ მთელი საწარმოო ხაზის გადაკეთება დასჭირდებოდათ, რაც საკმაოდ ძვირადღირებული ნაბიჯია მცირე ოდენობის დაკვეთის განსახორციელებლად. TheElec-ის ბოლო ანგარიშის თანახმად, Samsung Apple-ის ტექნიკურ მოთხოვნებს მხოლოდ მსხვილი მოცულობის შეკვეთის შემთხვევაში დააკმაყოფილებს. პანელების ზუსტ რაოდენობას კომპანიები ჯერჯერობით არ ასაჯაროებენ.

აღსანიშნავია, რომ MacRumors-ის ინფორმაციით, ჩინურმა ელექტრონული კომპონენტების მწარმოებელმა კომპანია BOE-მ, სულ ახლახან საკუთარი OLED-პანელების მწარმოებელი ქარხნის რეორგანიზება განახორციელა და მზადაა დიდი ზომის დისპლეის წარმოებისათვის ავტომობილებისა და სხვა მოწყობილობებისთვის. კომპანია BOE-ს განცხადებით, რომელიც Apple-ის ერთ-ერთი მიმწოდებელია, iPad-ისა და iMac-ისთვის დისპლეების წარმოებას, განახლებულ ქარხანაში ახლო მომავალში შეძლებს.