My Queue

There are no Videos in your queue.

Click on the Add to next to any video to save to your queue.

There are no Articles in your queue.

Click on the Add to next to any article to save to your queue.

There are no Podcasts in your queue.

Click on the Add to next to any podcast episode to save to your queue.

You're not following any authors.

Click the Follow button on any author page to keep up with the latest content from your favorite authors.

მარცხი

5 ქართველი ანტრეპრენერი და ფსიქოლოგი მარცხის ფენომენის შესახებ!

რა არის მარცხი?!
5 ქართველი ანტრეპრენერი და ფსიქოლოგი მარცხის ფენომენის შესახებ!
ფოტო: Entrepreneur Georgia
7 min read

რა არის მარცხი? რამდენად განსაზღვრავს პირადი თუ საქმიანი წარუმატებლობები ადამიანების ცხოვრებას? იქნებ მარცხი წინსვლის და წარმატების სწორედ ის მთავარი მოტივატორი და ბიძგია, რომელიც ხანდახან ყველაზე მეტად სჭირდება ადამიანს გონივრული და ქმედითი ნაბიჯების გადასადგმელად? მარცხის ფენომენის შესახებ Entrepreneur ხუთ წარმატებულ ანტრეპრენერსა და ფსიქოლოგს ესაუბრა. სიამოვნებით გიზიარებთ ჩვენი პროექტის მონაწილეთა საინტერესო ნააზრევს და გამოცდილებებს, რომლებიც მათი წარმატების რთულ გზაზე მოტივატორად იქცა.

5 ქართველი ანტრეპრენერი და ფსიქოლოგი მარცხის ფენომენის შესახებ!

გიორგი ძაგანიშვილი, Beard.ge

გიორგი ძაგანიშვილი, Beard.ge
ფოტო: Entrepreneur Georgia

"2009 წელი იყო, როდესაც მე და ჩემი ძმა იკო, ამავე დროს პარტნიორი, ციფრული მარკეტინგის შესწავლის იდეამ შეგვიპყრო. იკო მაშინ ძალიან პატარა იყო, მე კი 2008 წლის კრიზისის შედეგად გაკოტრებული ბიზნესის ვალები მქონდა დასაფარი. მოკლედ რომ ვთქვა, ჩვენი მომავალი ძალიან ბუნდოვანი გახლდათ. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, ერთადერთი ნათელი წერტილი ციფრული მარკეტინგის შესწავლა და ამ ცოდნით შემოსავლის საქართველოს საზღვრებს გარეთ გამომუშავება მეჩვენებოდა. თუმცა, ვინაიდან საწყისი თანხა საერთოდ არ გვქონდა, ეს მისია უცხო თვალისთვის ერთი შეხედვით შეუსრულებელს უფრო წააგავდა.

4-5-თვიანი თავდაუზოგავი სწავლის, პარალელური პრაქტიკის და ბევრი გათენებული ღამის შედეგად, როგორც იქნა, დავიწყეთ მცირე თანხის გამომუშავება. ვისწავლეთ ვებგვერდის შექმნა და მისი ოპტიმიზაცია, რომ მომხმარებელს ინტერნეტსაძიებო სისტემებში მარტივად მოვეძებნეთ.

თანხის გამომუშავება ვებგვერდებზე განთავსებული Google-ის სარეკლამო ბანერების საშუალებით ხდებოდა და ვიზიტორების რაოდენობის მატებასთან ერთად, იზრდებოდა შემოსავალიც. თუმცა, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ჩვენი ვებგვერდები არ შეესაბამებოდა Google-ის რეკლამის განთავსების წესებს და მაშინ, როცა პირველი სოლიდური თანხა უნდა მიგვეღო, მოგვივიდა ანგარიშის გაუქმების წერილი, რაც იმას ნიშნავდა, რომ ამ თანხას ვეღარ მივიღებდით.

ვინაიდან იმ დროს მონეტიზაციის სხვა იდეები არ გვქონდა, ეს ფაქტობრივად დამარცხებას ნიშნავდა. შინაგანი ხმა გვეუბნებოდა, რომ დაგვენებებინა ამ ყველაფრისთვის თავი, რადგან ჩვენ უკვე დამარცხებულები ვიყავით, თუმცა თითქოს ქვეცნობიერად გვწამდა, რომ ეს მარცხი აუცილებელი ნაბიჯი იყო მომავალი წარმატების გზაზე. შემდეგ ჩვენ ვაიძულეთ საკუთარი თავი, გაგვეგრძელებინა სწავლა, უფრო მეტად გავიღრმავეთ ცოდნა და საკუთარი შემოსავალი იმაზე მალე გაიზარდა და იმაზე ბევრად მნიშვნელოვან წარმატებას მივაღწიეთ, ვიდრე ეს ოდესმე წარმოგვედგინა.

მარცხს და წარუმატებლობას, როგორც წესი, ნეგატიურ მოვლენად აღვიქვამთ და მაქსიმალურად თავს ვარიდებთ. შესაძლოა ამის მიზეზი „დაჯექი ორიანი“ და „ყოჩაღ ხუთიანი“-ს ფენომენი იყოს ან სხვა მსგავსი ქმედებების ჯამი, რომელიც არცთუ ცოტაა ჩვენ გარშემო. მაგრამ ფაქტია, რომ წარმატება მრავალი წარუმატებლობის შედეგია, რისი დამადასტურებელი არა მარტო წარმატებული ადამიანების ცხოვრების მაგალითებია, არამედ თუნდაც ის ფაქტიც, რომ სიარულის სასწავლად ყოველი ჩვენგანი უამრავჯერ დაეცა და არ დანებდა!"

მარცხის ფენომენი - გიორგი ძაგანიშვილი

5 ქართველი ანტრეპრენერი და ფსიქოლოგი მარცხის ფენომენის შესახებ!

ანანია გაჩეჩილაძე, „აიისა“

ანანია გაჩეჩილაძე, „აიისა“
ფოტო: Entrepreneur Georgia

"ჩემთვის მარცხი ჩანაფიქრის ვერ/არ შესრულება უფროა, ვიდრე შეცდომის დაშვება. იდეა, რომელიც საჭიროა რომ შედგეს, ყოველთვის ტრიალებს თავში და განხორციელებისთვის ზუსტ დროს ელოდება. ზუსტი დროც ბევრჯერ დამდგარა, თუმცა მცირე ხარვეზებს ხელი შეუშლია იდეის ხორცშესხმაში. მთავარი ამოცანაა, ბევრად ეფექტიანად შეასრულო იდეა მაშინ, როცა თითქოს უკვე დაგვიანებულია და გაამართლო შენი მიზეზები. ამით, უპირველეს ყოვლისა, პირად ამბიციას იკმაყოფილებ, რადგან ხვდები, რომ საკუთარ თავს აჯობე.

ასე იყო „აიისა“-ს „ოკუპაციის ხაზის“ დიზაინის შემთხვევაშიც, რისთვისაც აგვისტოს ომიდან 10 წლის თარიღამდე დიდი ხნით ადრე ვემზადებოდით და კონკრეტული იდეა 15 ივლისს, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დღეს მზად იყო. მიუხედავად ამისა, ვერ მოვახერხეთ აგვისტოს პირველ ნახევარში გაგვეშვა გასაყიდად ეს კონკრეტული პროდუქტი, მხოლოდ პოსტერის გასაჯაროება კი მოსალოდნელ შემოსავლებს დაგვაკარგვინებდა. ამასობაში გამოიკვეთა, რომ ომიდან 10 წლის გასვლას საზოგადოება ბევრად ემოციურად განიცდიდა, ვიდრე ეს წინა წლებში ჩანდა. რამდენიმე თემასთან დაკავშირებული სკანდალი და ბიზნესსეგმენტისა და სამოქალაქო აქტივისტებისგან ღირსეული გამოხმაურებები უკვე ჩავლილი იყო, როცა 20 აგვისტოს „აიისა“-ს საოკუპაციო პრინტი გამოჩნდა. იმისათვის, რომ ბოლომდე პირნათელი ვყოფილიყავით საზოგადოებასთან, ვაღიარეთ, რომ დიახ, დაგვაგვიანდა, მაგრამ რეალურად ქვეყნის ოკუპაცია ის რეალობაა, რომელიც მუდამ უნდა გვახსოვდეს. მალევე დავაანონსეთ „ოკუპაციის ხაზის“ მომდევნო დიზაინები. დამატებითი პასუხისმგებლობის აღებამ და გულწრფელობამ განაპირობა ის, რომ საბოლოოდ ჩვენი მარკეტინგული კომუნიკაცია საუკეთესოთა შორის საუკეთესო აღმოჩნდა, პირველი სატესტო ექსპორტის შემდეგ გაიხსნა საზღვრები დამატებით რამდენიმე ქვეყანასთან და „აიისა“-ს ბიზნესმოდელის ორი თანაბარი მნიშვნელობის ნაწილი (სოციალური აზრის/ქცევის ცვლილება და კომერციული ინტერესი) წარმატებას ახლაც სტაბილურად ინარჩუნებს."

მარცხის ფენომენი - ანანია გაჩეჩილაძე

5 ქართველი ანტრეპრენერი და ფსიქოლოგი მარცხის ფენომენის შესახებ!

ანუნა ბუკია, „კოპეშია: ციფრული და სოციალური კომუნიკაციის კომუნა“

ანუნა ბუკია, „კოპეშია: ციფრული და სოციალური კომუნიკაციის კომუნა“
ფოტო: Entrepreneur Georgia

"ზუსტად არ ვიცი, ეს როდის მოხდა − 18 წლის ასაკში, შემცირების მიზეზით რომ გამათავისუფლეს სამსახურიდან და ერთ კვირაში ახალი ვიპოვე, თუ მოგვიანებით, როცა „რადარამის“ გამოცემებს და ქეთრინ შულცს წავაწყდი. ფაქტია, რომ ერთხელ ეს მოხდა და იყო მომენტი, როცა უკვე სრულწლოვანმა პირველად გავიმარჯვე საკუთარ თავზე − იმ დროისთვის ხმალამოღებულად, შემაწუხებლად მებრძოლ „მე“-ზე, ასე  გავაქრე (თუ გამიქრა) მარცხი, როგორც ზეპირი სიტყვა და მარცხი, როგორც მოვლენა. ის უბრალოდ არ არსებობს და ტრანსფორმირდა როგორც ამბავი, შემთხვევა, სავალდებულო მოვლენა, რაღაც, რაც უპირობოდ გასავლელია. 

ისე მოხდა, რომ  მარცხს შევუცვალე განმარტება და რაც უნდა მოხდეს, ის არასოდეს არის საზიანო. ამ გარდაქმნის პროცესში სიტყვამ ალბათ ხასიათიც იცვალა და ასე, ჰარმონიულად თანავარსებობთ უკვე ბევრი წელია.  

იყო ამ ტრანსფორმაციის მთავარი ინსტრუმენტის, რომ ამ ე.წ. მარცხზე რეაგირების დრო დაჩქარდა? წარმოიდგინეთ სცენა: მივრბივარ ხვატში და უეცრად ნელა ვიწყებ დაცემას, სანამ ბოლომდე დავენარცხები და მარჯვენა თეძო გამხმარი მიწისგან დამესერება. ვიწევი, ვიმართები და გამომშრალი მიწის ნაცვლად, წვრილად გაცრილ ოქროსფერ ქვიშაზე მივაბიჯებ, უბრალოდ მზის ქვეშ და არა პაპანაქებაში. 

ეს რეფლექსიის ახალი გამომუშავებული და უკვე თვითმოქმედი დროა. დრო, რომელიც მაიძულებს მოვლენის დასრულებამდე ის გამოცდილებად ვაქციო. 

დავამარცხე? არა, უბრალოდ იმართება, სანამ ვმოძრაობ."

მარცხის ფენომენი - ანუნა ბუკია 

5 ქართველი ანტრეპრენერი და ფსიქოლოგი მარცხის ფენომენის შესახებ!

ილია გეფერიძე, Gepherrini

ილია გეფერიძე, Gepherrini
ფოტო: Entrepreneur Georgia

"ჩემი აზრით, მარცხი არის შესაძლებლობა, წარუმატებლობის შემთხვევაში ყველაფერი თავიდან დაიწყო, ოღონდ გაცილებით გააზრებულად და ჭკვიანურად. მარცხმა მასწავლა, ყოველი ნაბიჯის გადადგმისას უფრო მეტად დავფიქრდე და გავაანალიზო მდგომარეობა, და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღო გადაწყვეტილება.

წარუმატებლობა ყოველთვის გვახსენებს, რომ საქმის კეთებას მუდამ ახლავს შესაძლო უარყოფითი შედეგი, რაც არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას.

საბოლოოდ, წარუმატებლობა მუდამ მთავარი მოტივაციაა. თუ მარცხის შემდეგ კარგად გავაანალიზებთ ჩვენ მიერ დაშვებულ შეცდომებს და მათი საშუალებით ვისწავლით, უკეთესი პროფესიონალები გავხდებით და შეცდომის დაშვების შესაძლებლობაც შემცირდება. წარმატების მიღწევის შემდეგ, როდესაც ჩვენს განვლილ გზას გადავხედავთ, მარტივად ვაანალიზებთ, რომ სწორედ ჩვენი შეცდომების საფუძველზე სწავლის დამსახურებაა მიღწეული წარმატება."

მარცხის ფენომენი - ილია გეფერიძე

5 ქართველი ანტრეპრენერი და ფსიქოლოგი მარცხის ფენომენის შესახებ!

მანანა ახვლედიანი, Madam Wine

მანანა ახვლედიანი, Madam Wine
ფოტო: Entrepreneur Georgia

"ადამიანები ერთი ცხოვრებით არ ცხოვრობენ, ცხოვრების ყველა ეტაპი სრულიად განსხვავებულია, ისევე, როგორც თავად ის ადამიანი, რომელიც ამ ეტაპებს გადის.

მეც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპი გამოვიარე, თუმცა ყველა მათგანზე მქონდა უნარი, მებრძოლა წარუმატებლობის წინააღმდეგ, წარუმატებლობა კი ძალიან ბევრი იყო.

მე ვფიქრობ, საკუთარი თავის აღმოჩენა ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანისთვის, რაც შემდგომში აადვილებს სიძნელეების გადალახვის პროცესს, სიძნელეები კი უამრავი იყო, სტუდენტობიდან მოყოლებული.

გამოვიარე 1990-იანი წლები, როცა ირგვლივ უიმედობა სუფევდა, ინგრეოდა ქვეყანა და მასთან ერთად ინგრეოდა ჩემი ოცნებები. ვიჯექი სიბნელეში და ამას ემატებოდა პირადი ცხოვრების ნგრევისგან გამოწვეული სტრესიც.

სწორედ ამ სირთულეებმა მიმახვედრა, რომ მხოლოდ ძლიერი კი არ უნდა ვყოფილიყავი, არამედ ძალიან ძლიერი. ალბათ ეს განცდა იყო ჩემი მთავარი მოტივაცია, დამემტკიცებინა ყველასთვის, რომ ბევრი რამ შემიძლია.

წლებმა ძალიან სწრაფად გაიარა. ეს იყო ცოდნის მიღების, ახლის ძიების წლები.

შემდეგ კი დავაარსე საკუთარი კომპანია „მადამ ვაინი“, სადაც მხოლოდ ენთუზიასტი ქალბატონები მუშაობენ და ერთად ვქმნით ღვინოს ქალბატონებისთვის. ეს არის კომპანია, რომელსაც აქვს ამბიცია, მსოფლიოს აჩვენოს ქართველი ქალის თვალით დანახული ქართული ღვინო.

სადღაც ამოვიკითხე: „პროგრესი მუდმივი პროცესია და მათ „შეშლილები“ მართავენ, რადგან ყოფნით გამბედაობა მათი განხორციელების და წარუმატებლობის არ ეშინიათ. ერთადერთი დაბრკოლება – შიშია, მერყევი ხასიათი და ფანტაზიის სიმცირე“.

ჰოდა, მეც ასეთი „შეშლილი-შერეკილი“ ვარ, რადგან არ მაქვს შიში და ვიცი, რასაც ვაკეთებ.

ჩემი ბიზნესი პატარა ნაკადულივით არის, რომელიც იზრდება, რათა დიდ მდინარეს შეუერთდეს, თუმცა მე ეს პატარა ნაკადულიც ძალიან მომწონს, რადგან ის სუფთაა და ჯერ არ ამღვრეულა.

წარუმატებლობა მხოლოდ თავიდან დაწყების შანსია, თუმცა უფრო ჭკვიანურად დაწყებისა“, − თქვა ჰენრი ფორდმა. მეც სწორედ ამისი მჯერა. აი, ეს არის ჩემი ცხოვრებისეული კრედო."

მარცხის ფენომენი - მანანა ახვლედიანი 

5 ქართველი ანტრეპრენერი და ფსიქოლოგი მარცხის ფენომენის შესახებ!

ნანა ჩაჩუა, ფსიქოლოგი

ნანა ჩაჩუა, ფსიქოლოგი
ფოტო: Entrepreneur Georgia

"მარცხი სასურველი ფაქტის არდადგომის ფსიქოლოგიური განცდაა, ფრუსტრირებულ მდგომარეობაში ყოფნა.

მარცხს, წარუმატებლობას, შეუძლია ადამიანისთვის როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი როლის შესრულება. მთავარია, როგორ შევხედავთ მას, რას დავარქმევთ და რამდენად ამოვიცნობთ იმას, თუ რას, რა მოქმედებას ითხოვს არსებული, უკვე მომხდარი ფაქტი ჩვენგან.

ამოვიცანით, რისი დროა? ადეკვატურად ვპასუხობთ შექმნილ სიტუაციას? მარცხთან კონსტრუქციულ დამოკიდებულებას ისეთი პიროვნული მახასიათებლები განაპირობებენ, როგორებიცაა: სიბრძნე, სიმამაცე, ჰუმანურობა, სამართლიანობა, ზომიერება, ტრანსცენდენტურობა.

შემთხვევითი არაა ის, რომ აღნიშნულ მახასიათებლებს სათნოებად მოიხსენიებენ (კრისტოფერ პეტერსონი, მარტინ სელიგმანი, 2004). ცხადია, მარცხის პირისპირ დგომას შინაგანი ძალა, თვითპატივისცემა და როგორც საკუთარი თავის, ასევე საზოგადოებისა და ბუნების მიმართ პასუხისმგებლობა ესაჭიროება. ადამიანს კი საკუთარი თავის თავისუფლებიდან მიღებული ძალის გარდა სხვა ძალა არ გააჩნია, რომელიც სწორედ ამ ექვს სათნოებაზე დგას.

მარცხით და წარუმატებლობით თავად რეალობა, სინამდვილე, ცხოვრება გველაპარაკება. გვეუბნება, რომ „წუთისოფელს თუ ერთი ბეწო თვალი მოუხუჭე, ისე გაგთელავს, როგორც დიდოელი ლეკი ნაბადსა“ (ილია ჭავჭავაძე).

ერთგვარი გაფრთხილებაა. გაფრთხილებაა იმისა, თუ სად, როდის, როგორ, რა უნდა მოვიმოქმედოთ. იქ, სადაც იგი გამოცდილებად დარჩენილა, ყოველთვის სასურველი შედეგიც დამდგარა. გამოცდილებად დატოვებული მარცხი ცხოვრებისგან მიღებული გაკვეთილია. მთავარია, იყო კარგი მოწაფე.

აღმოსავლური შეგონება „მძიმეა საფუძველი მსუბუქისა“ გვაუწყებს, რომ სასურველთან მისვლამდე ხშირად უამრავი სიმძიმეებია გასავლელი, მათ შორის სხვადასხვა ტიპის, სხვადასხვა სიმძაფრის დამარცხებები, წარუმატებლობები, ტკივილები და წუხილები. არადა, ესაა ცხოვრება!

ისტორიამ იცის არაერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ „აღმდგარა მკვდრეთით“ დამარცხებული, „ძირს დაცემული“, ყოფნა-არყოფნის ზღვარზე მდგარი არა მხოლოდ ადამიანი, არამედ ქვეყანაც კი, ოღონდაც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამოქმედდება პრინციპი „აქ და ახლა“.

ზოგჯერ შეიძლება ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იმპულსის აღმძვრელი სულაც უმნიშვნელო ფაქტორიც კი აღმოჩნდეს.

ჰემინგუეი მოთხრობას „მოხუცი და ზღვა“ სანტიაგოს (მოხუცი) ასეთი სიტყვებით ამთავრებს.: „დიდი დამარცხება და დიდი გამარჯვება“.

დიახ, დამარცხებით მოყვანილი გამარჯვება განხორციელებული ცხოვრებაა, აღსრულებული სიცოცხლე, საკუთარი თავის თავისუფლებიდან მიღებული ჯილდო − დამარცხებაზე აღებული პასუხისმგებლობის დიდი მადლი და თვითგამოხატვის სწორუპოვარი აქტი."

მარცხის ფენომენი - ნანა ჩაჩუა

  • 5 ქართველი ანტრეპრენერი და ფსიქოლოგი მარცხის ფენომენის შესახებ!
  • გიორგი ძაგანიშვილი, Beard.ge
  • ანანია გაჩეჩილაძე, „აიისა“
  • ანუნა ბუკია, „კოპეშია: ციფრული და სოციალური კომუნიკაციის კომუნა“
  • ილია გეფერიძე, Gepherrini
  • მანანა ახვლედიანი, Madam Wine
  • ნანა ჩაჩუა, ფსიქოლოგი
Next Slide